თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. მეცნიერებმა დამტკიცეს, რომ ღეროვანი უჯრედები ეფექტურად ებრძვის დაბერების პროცესს და ამასთან არ გააჩნია არანაირი გვერდითი მოვლენა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
შესაბამისი კვლევის შედეგების შესახებ ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ The Journals of Gerontology-ში დაიბეჭდა, რომელიც ფართოდაა ცნობილი სამეცნიერო საზოგადოებაში.
კლინიკური კვლევებისას ამერიკელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა ემბრიონული ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს, რომლებსაც მოზრდილ ორგანიზმში ძვლოვან, ცხიმოვან და ხრტილოვან ქსოვილად ტრანსფორმირების უნარი აქვს.
ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე პაციენტების ორგანიზმში, რომელთა საშუალო ასაკი 76 წელი იყო, 20-დან 45 წლამდე დონორების ძვლის ტვინიდან მიღებული ღეროვანი უჯრედების დოზა შეჰყავდათ. ექვსი თვის შემდეგ გაირკვა, რომ საექსპერიმენტო ჯგუფის წევრ ასაკოვან ადამიანებს აშკარად უმჯობესებოდათ ფიზიკური აქტიურობისა და ცხოვრების საერთო ხარისხის მაჩვენებლები, ხოლო ორგანიზმში მომატებული იყო ცილების რაოდენობა, რაც სიმსივნეების განვითარებას უშლის ხელს.
კვლევის მეორე ეტაპზე სწავლულებმა შექმნეს საკონტროლო ჯგუფი, რომლის წევრთა ნაწილს ღეროვანი უჯრედები შეუყვანეს ორგანიზმში, მეორეს კი — მხოლოდ პლაცებო (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის სახით იყენებენ). ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, როდესაც მეცნიერებმა მონაცემები გააანალიზეს, გაირკვა, რომ არანაირი არასასურველი გვერდითი ეფექტი არ ფიქსირდებოდა.