თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში დაიწყო კოსმოსური ჰაკათონი (მარათონი), რომლის ძირითადი ეტაპი თბილისში 1-3 დეკემბერს გაიმართება, აღნიშნულია ღონისძიების Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ამჟამად მიმდინარეობს პროექტების მიღება შესარჩევი ეტაპისთვის. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე "დემოკრატიის ლაბორატორია".
ჰაკათონი 18-25 წლის ახალგაზრდებს შორის ჩატარდება. ღონისძიების მთავარი მიზანია კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისება. ჟიურის თავმჯდომარე იქნება ნასას ასტრონავტი ქალი ჰაიდი ფაიფერი.
ჰაიდი ფაიფერს მონაწილეობა აქვს მიღებული 2 კოსმოსურ მისიაში — Atlantis და Endeavour. კოსმოსში გატარებული აქვს 27 დღეზე მეტი, ღია კოსმოსში — 33 საათი.
ჰაკათონის ძირითადი თემაა მარსის კოლონიზაცია. ღონისძიების მონაწილეები შეეცდებიან, მისია წითელ პლანეტაზე რეალურად აქციონ.
გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ჰოლანდიაში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმში Space Expo. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ ვაუჩერს ტექნიკის შესაძენად.
კოსმოსური ჰაკათონის მთავარი სპონსორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ლაბორატორია".
კოსმოსური ჰაკათონი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიფიქრონ და განახორციელონ კოსმოსური მასშტაბის იდეა და მათი ნამუშევრები ნასას ასტრონავტმა შეაფასოს.
ერთი პროექტის შექმნაზე ორგანიზატორები გამოყოფენ მაქსიმუმ 170 ლარს. პროექტების გაგზავნის ბოლო ვადაა 7 ნოემბერი.