შაბათი ახალგაზრდობისა და სტუდენტობის ХIХ მსოფლიო ფესტივალის ბოლო დღე გახდა. ლექციები და დისკუსიები ცოტა იყო, ყველა ოფიციალურ დახურვას ელოდა და ოლიმპიურ პარკში ორი კონცერტისთვის ემზადებოდა. კონცერტის დაწყებამდე ფესტივალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეწვია. მან მიიღო მონაწილეობა დისკუსიაში „ახალგაზრდობა 2030. მომავლის სახე".
პუტინი: რუსეთი თქვენს გულებში დარჩება
პრეზიდენტი სტუდენტებთან ერთად დარბაზში იჯდა, უსმენდა გამოსვლებს, ბოლოს კი სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა იმის შესახებ, რომ "მომავალში წარმატებას ისინი მიაღწევენ, ვინც არამარტო ღრმა ცოდნას ფლობს, არამედ ის, ვისაც კრეატიული აზროვნება და გუნდში მუშაობა შეუძლია". ისაუბრა იმის შესახებ, რომ ატომურ ბომბზე უარესია ისეთი ადამიანის შექმნა, რომელსაც წინასწარ დაგეგმილი მახასიათებლები ექნება, რადგან გენიალური მათემატიკოსისა ან მუსიკოსის გარდა, ეს „შეიძლება იყოს სამხედრო — ადამიანი, რომელიც ომში შიშის, შებრალების, სინანულისა და ტკივილის გრძნობების გარეშე იბრძოლებს".
„მომავალი იწყება აქ, და ეს მომავალი თქვენ ხართ. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც რუსეთიდან წახვალთ, აქ თვენი გულის ნაწილს დატოვებთ. მაგრამ რუსეთი თქვენ გულში დარჩება. ჩვენ თქვენი გვჯერა", — დასასრულს აღნიშნა პუტინმა.
რუსული სიმღერები აფრიკელი მეგობრებისთვის
სანამ რუსეთის პრეზიდენტი მთავარ მედიაცენტრში სიტყვით გამოდიოდა, „მედალს პლაზას" ღია მოედანზე გრანდიოზული შოუ „რუსეთი" დაიწყო. კონცერტის ორგანიზატორებმა იფიქრეს, რომ სოციალური ქსელების საუკუნეში ახალგაზრდობა ინფორმაციას უფრო სწრაფად სწორედ ასეთ ფორმატში აღიქვამს. ამიტომაც სცენის წინ დამონტაჟებულ უზარმაზარ ეკრანებზე რუსული კოლექტივების გამოსვლებს შორის ჩნდებოდა ფესტივალის მონაწილეების მესენჯერების მიმოწერა, ფოტოები Instagram-იდან და ვიდეორგოლები Youtube-დან. ეს სახუმარო მომენტი შოუს ნაწილი იყო. ძირითადი აქცენტი კი რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ეროვნული კოლორიტის მქონე კოლექტივებზე გაკეთდა. იმისათის, რომ უცხოელები მიმხვდარიყვნენ, საიდან იყო ჩამოსული ესა თუ ის კოლექტივი, ეკრანზე ქალაქების სახელწოდებები იწერებოდა.
მოედანზე შეკრებილი ახალგაზრდობა ამ ქალაქების დასახელებების გამოჩენაზე ხმაურიანად რეაგირებდა. მაშინვე მიხვდებოდი, „მედალს პლაზას" რომელ კუთხეში იმყოფებოდნენ ამჟამად სტუდენტები მოსკოვიდან, ვლადიკავკაზიდან, ელისტიდან, რიაზანიდან ან ნოვოსიბირსკიდან. საიდან იყო ჩამოსული უცხოელი ახალგაზრდები, მიხვდებოდი სახელმწიფო დროშებით, რომლებშიც გახვეულები ისინი მოედანზე სეირნობდნენ, ან მაისურებით, რომლებსაც ქალაქებისა და ქვეყნების დასახელებები ეწერა. თუმცა ბოლოს ყველაფერი აირია — სტუდენტებმა ერთმანეთს დროშები და მაისურები გაუცვალეს. „იაროსლავსკის ოლქის" წარწერიან მაისურში გამოწყობილ ახალგაზრდას მეგობრების გარემოცვაში ნახავდით, მაგრამ ახლოს რომ მიუახლოვდებოდით, აღმოაჩენდით, რომ ეს შორეული აფრიკული ქვეყნის წარმომადგენელია.
რუსული ხალხური გუნდის სიმღერებზე ჩინელი სტუდენტები ცეკვავდნენ, ხოლო ყუბანის აკადემიური გუნდის სიმღერებზე კაზაკურ ეროვნულ ცეკვებს საკმაოდ ვურტუოზულად აფრიკელი სტუდენტები ასრულებდნენ.
„მეგობრებო, ახლა თქვენ იცით, რას ნიშნავს XXI საუკუნის რუსეთში ცხოვრება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა იმ კუთხეს, რომელიც ჩვენ დღეს გაჩვენეთ, თქვენ მალე საკუთარი თვალით ნახავთ!", — გაისმა დინამიკებიდან წამყვანის ხმა, შემდეგ მან სცენაზე ყველა შემსრულებელი მოიწვია და მომღერალმა ზარამ შეასრულა სიმღერა Широка страна моя родная, რომელსაც მაყურებელიც აჰყვა.
ეს იყო არაჩვეულებრივი კვირა
ფესტივალის მთავარი შოუ, რომელიც ერთკვირიანი მარათონის ბოლო აკორდი უნდა გამხდარიყო, ყინულის სასახლეში გაიმართა. როდესაც ყველა ადგილი დაკავებული იყო, მაყურებლებმა ხელზე გაიკეთეს ინტერაქტიული სამაჯურები, რომლებიც სინქრონულად ინთება, მუსიკის რიტმში ციმციმებს და ბნელ დარბაზში სანთებელების ილუზიას ქმნის, და უკუთვლა დაიწყო.
ცენტრალურ პოდიუმზე მუსიკოსები და მომღერლები შეიკრიბნენ. მაგრამ არა ჩამოსული ვარსკვლავები, არამედ თავად მონაწილეები. მსგავსი ღონისძიებების ჩატარების ისტორიაში პირველად მუსიკალური კოლექტივი ფესტივალის ჩატარების პერიოდში შეიქმნა. მასში შევიდა რუსეთის, ჩინეთის, არგენტინის, იტალიისა და სხვა ქვეყნების ნიჭიერი ახალგაზრდობა, ხოლო ორკესტრს კონკურს "გოლოსის" პირველი სეზონის მონაწილეები ძმები ალექსანდრ და ნიკიტა პოზდნიაკოვები ხელმძღვანელობდნენ.
„სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ საერთო მისწრაფება გვაერთიანებს — გვინდა მსოფლიო უკეთესი გავხადოთ", — განაცხადა წამყვანმა. შემდეგ ეკრანზე გამოჩნდნენ სპიკერები, რომლებიც სოჭში ამ კვირაში გამოვიდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საქსოფონისტი იგორ ბუტმანი, ველური ბუნების მსოფლიო ფონდის გენერალური დირექტორი მარკო ლამბერტინი, რუსი დიდოსტატო სერგეი კარიაკინი, პროფესიონალი სკეიტბორდისტი სტივ ბერა, FIFA-ს გენერალური მდივანი ფატმა სამურა, მსახიობი ვლადიმირ მენშოვი… ყველანი საუბრობდნენ იმაზე, რომ ფესტივალზე მსოფლიო სურათი იყო წარმოდგენილი — სხვადასხვა ქვეყნებისა და ეროვნებების წარმომადგენლები საუბრობდნენ ცხოვრების ჯანსარი წესის, სპორტის, ოცნებისკენ მისწრაფების შესახებ. ვლადიმირ მენშოვმა სთხოვა მონაწილეებს, ამ დღესასწაულის შესახებ მოგონებები შეენახათ, როგორც ეს მან 60 წლის წინ ახალგაზრდობის პირველ ფესტივალზე გააკეთა, რომელიც რუსეთში ჩატარდა.
შემდეგ კი კონცერტი დაიწყო. სიმღერებს შორის წამყვანი იხსენებდა ტრადიციას, რომელსაც საფუძველი იმავე ფესტივალზე მოსკოვში 1957 წელს ჩაეყარა, როდესაც ახალგაზრდა პოეტები საკუთარ ლექსებს კითხულობდნენ. მან მონაწილეებს ესტაფეტის გაგრძელებისკენ მოუწოდა. იმ დროს ესენი იყვნენ ანდრეი ვოზნესენსკი, ბელა ახმადულინა და ბობ დილანი, ახლა კი არტიომ ნოვიჩენკოვი, ნიკა სიმონოვა, ვენიამინ ბორისოვი და სხვები.
ბრაზილიელმა მონაწილემ ენრიკე დომინგესმა შესანიშნავი სიტყვები თქვა. „ეს იყო არაჩვეულებრივი კვირა. აქ, სოჭში, ვიგრძენი მილიონობით ადამიანის ძალა, რომლებიც ცხოვრობენ და ძალისხმევას აერთიანებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ახალი მსოფლიო ახალგაზრდების ხელით აშენდება. ჩვენთან აქ არაფერი არ მთავრდება, ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყება. ჩვენი ცხოვრება ერთად ავაშენოთ!", — მოუწოდა მან.
მოხალისეებს მადლობა ფესტივალის მომზადებისა და ჩატარების საკითხების დირექციის ხელმძღვანელმა ქსენია რაზუვაევამ გადაუხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფესტივალის მოხალისეთა გუნდი მსგავსი ღონისძიებების ჩატარების ისტორიაში მოხალისეთა ყველაზე მასობრივი გუნდი გახდა.
რუსეთში დათვებთან ხელიხელგადახვეულები არ დადიან
შოუს ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტი გახდა ფესტივალის მონაწილის, ჩადელი პროფესიონალი მუსიკოსის ნდოლეგულომა ჯასრაბე ერვეს გამოსვლა. მან ისაუბრა საკუთარი ღარიბი ოჯახის შესახებ, იმაზე, რომ სურს დაეხმაროს მშობლებს და ჩადის ყველა ბავშვს და იმაზე, რატომ აირჩია ეს პროფესია. მან მონაწილეებს ასევე უამბო ქვეყნის ახალგაზრდებზე, რომლებსაც ინტერნეტში შესვლის შესაძლებლობა თითქმის არ აქვთ, რომ ისინი თავს მარტოსულად და დანარჩენი მსოფლიოსან მოწყვეტილად გრძნობენ. დისკი მისი სიმღერით ერთმანეთს რამდენიმე მეგობარმა გადასცა, სანამ მან ფესტივალამდე ჩააღწია. "ჩვენ გაფანტულები ვართ მსოფლიოში, მაგრამ მაინც ერთნი ვართ და ჩვენი პრობლემების გადაჭრა ერთად შეგვიძლია. სალამი, რუსეთი!", — ერვეს ეს მხიარული სიმღერა ფესტივალის არაფორმალურ ჰიმნად იქცა. ოფიციალურ ჰიმნად კი რუსი მუსიკოსის, მსახიობისა და რეჟისორის, ალექსეი ვორობიოვის კომპოზიცია აირჩიეს.
როდესაც სცენაზე გაეროს მოხალისე გამოვიდა და იმაზე საუბარი დაიწყო, რომ სოჭში იმისათის ჩავიდა, რათა აქაც მოხალისე ყოფილიყო, დარბაზში რაღაც ხმამაღალი ლაპარაკი გაისმა. ყველამ უკან გაიხედა და ვიპ-ტრიბუნაზე მამაკაცი დაინახეს. აღმოჩნდა, რომ ფესტივალის დახურვაზე ვლადიმირ ჟირინოვსკი ჩავიდა, მაგრამ ისე გამოჩნდა, რომ მას უფრო საკუთარი თავის წარმოჩენა სურდა — ის დიდხანს იდგა და ყველას ხელს უქნევდა. მოხალისეებიც უქნევდნენ ხელს. ამის გამო გაეროს მოხალისის გამოსვლა ოდნავ არეული გამოვიდა. თუმცა, მომდევნო სიმღერის აკორდების შემდეგ პოლიტიკოსი ყველამ დაივიწყა.
საინტერესო იყო ევროპელი, აზიელი და აფრიკელი მონაწილეების ინტერვიუების მოსმენა, რომლებიც ეკრანებზე აჩვენეს. მათ გულახდილად უკვირდათ ის, რომ რუსეთში ვერ ნახეს „მკაცრი ზორბა „მუჟიკები უშანკებში", რომლებიც „თეთრ დათვებთან ხელიხელგადახვეულები დადიან", ის, რომ ტალახის და გაპარტახების ნაცვლად ყველგან სისუფთავე და კულტურაა, და რომ რუსებზე ჰოლივუდური წარმოდგენები სინამდვილეს არ შეესაბამება.
კონცერტი დასრულდა ლეონარდ კოენის სიმღერით „ალილუია", მაყურებლებმა სინანულით დატოვეს ყინულის არენა, მაგრამ გარეთ მათ კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა. „მედალს პლაზას" ღია სცენაზე ჩატარდა კიდევ ერთი კონცერტი-დისკოთეკა, რომელიც შუაღამეს გრანდიოზული საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.