თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქველმოქმედო მარათონში (Tbilisi marathon) საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველოს" ორმა კორესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.
თბილისის საქველმოქმედო მარათონი, რომელშიც წელს 1 300 ადამიანი მონაწილეობდა, მეექვსედ ტარდება. შეგროვილი თანხა კასპის შშმ პირთა გაერთიანებას გადაეცემა. ორგანიზატორთა თქმით, ღონისძიების ჩატარების შედეგად შეგროვილი თანხა ჯერ კიდევ დასათვლელია.
"სულ მარათონში მონაწილეობაზე 2 400 ადამიანი დარეგისტრირდა. სამწუხაროდ, ტექნიკური პრობლემების გამო, რომლებიც ღონისძიების მოსამზადებელ პერიოდში შეიქმნა, ბევრმა იჩქარა და მონაწილეობაზე უარი განაცხადა", — განაცხადა პროექტ Tbilisi marathon-ის ორგანიზატორმა და მენეჯერმა ნიკოლოზ ჯინჯიხაძემ „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტთან საუბრისას.
ორგანიზატორის თქმით, მარათონში რუსეთიდან 200-მდე მორბენალმა მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე გარბენში ევროპიდან და აზიიდან სპორტული ტურიზმის მიმდევრები მონაწოლეობდნენ. ჯინჯიხაძე აღნიშნავს, რომ მარათონმა უკვე დიდი ხანია საერთაშორისო სტატუსი მიიღო.
გარბენი დილის 08:30 საათზე რუსთაველის გამზირიდან, პირველი კლასიკური გინმაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. მონაწილეებს 10 ან 21-კილმეტრიანი დისტანციის გადალახვა სურვილისამებრ შეეძლოთ.
6-დან 11 წლამდე ბავშვებს 500-მეტრიან დისტანციაში, ხოლო მოზარდებს 11-დან 15 წლამდე — 1-კილომეტრიან დისტანციაში ასპარეზობა შესთავაზეს. ბავშვებისთვის გარბენი უფასო იყო.
დედაქალაქის ცენტრალური გზები დილის 6 საათიდან გადაკეტილი იყო, საზოგადოებრივ წესრიგს საპატრულო პოლიცია იცავდა. მრავალ ადგილას მონაწილეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით სასწრაფო დახმარების მანქანები მორიგეობდა.
ფინიშზე მონაწილეებს სამახსოვრო მედლები გადაეცათ, რომლებზეც თბილისის ღირსშესანიშნაობები — ტელეანძა და "ეშმაკის ბორბალია" გამოსახული.
მარათონში მონაწილეობის შემდეგ ყველა მორბენალს უფასო კვება და ცნობილი ქართული ბრენდების სასმელები შესთავაზეს.
ტექნიკური პრობლემები იმის გამო შეიქმნა, რომ 17 ოქტომბერს თბილისის მერიამ ღონისძიების ორგანიზატორებს გარბენის ჩატარების დროისა ან ადგილის შეცვლა მოსთხოვა. ქალაქის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება ქალაქში ავტოტრანსპორტის პარალიზების მოსალოდნელი საფრთხის გამო მიიღო. საორგანიზაციო ჯგუფმა ღონისძიების ჩატარებაზე უარი განაცხადა, რადგან ცვლილებები უამრავ ტექნიკურ პრობლემებს გამოიწვევდა, რომელთა გადაწყვეტა ასეთ შემჭიდროებულ ვადებში შეუძლებელი იქნებოდა.
თბილისის საქველმოქმედო მარათონის ორგანიზატორებსა და თბილისის მერიას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ 22 ოქტომბერს გარბენი მაინც ჩატარდება.
პირველად თბილისის საქველმოქმედო მარათონი 2012 წელს გაიამრთა. 2017 წელს მარათონზე სიახლე იქნება — ორგანიზატორებმა გუნდური ესტაფეტა დაამატეს.
საქველმოქმედო მარათონის მთავარი სპონსორი კომპანია Heidelbergcement-ი გახდა.
მარათონში მონაწილეობა ფასიანი იყო. 10-კილომეტრიანი დისტანციის გარბენზე რეგისტრაციის ღირებულება 15 ლარს შეადგენდა, 21,1 კილომეტრზე — 20 ლარს.
მარათონის ქველმოქმედება იმაში გამოიხატება, რომ გარბენის ორგანიზატორები, ტრადიციულად, მარათონიდან შემოსულ თანხას აორმაგებენ და მას ქველმოქმედებას ახმარენ.
2016 წელს შეგროვდა 23 ათასი ლარი, რომელიც გაორმაგდა და პალიატიური დახმარების ბავშვთა ჰოსპისს 46 ათასი ლარი გადაეცა.