თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებზე იმარჯვებს, ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბოლოო წინასწარი შედეგების მიხედვით.
თბილისის ყველა 737 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის შედეგების მიხედვით, კალაძემ 51,06% დააგროვა. მას ხმა მისცა 203 800-ზე მეტმა ამომრჩეველმა.
კალაძე 1978 წლის 27 თებერვალს ქალაქ სამტრედიაში დაიბადა. ფეხბურთით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. 11 წლისამ თამაში მშობლიური ქალაქის ახალგაზრდულ გუნდ "ლოკომოტივში" დაიწყო.
16 წლის კალაძე თბილისის "დინამოში" გადავიდა. მისმა გუნდმა 1993-1998 წლებში საქართველოს ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო.
უმაღლესი განათლება კახა კალაძემ თბილისში მიიღო. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, თუმცა პროფესიით არ უმუშავია და უპირატესობა საფეხბურთო კარიერას მიანიჭა.
კალაძემ 1998 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს კიევის "დინამოსთან". მისმა გუნდმა სამ წელიწადში სამჯერ მოიგო უკრაინის პრემიერ-ლიგა და ქვეყნის თასი.
2001 წელს კალაძე იტალიაში "მილანის" ფეხბურთელი ხდება. ამით ის ყველაზე ძვირ ქართველ ფეხბურთელად იქცა, რადგან "მილანმა" მისი ტრანსფერისთვის კიევის "დინამოს" 16 მილიონი ევრო გადაუხადა. "მილანის" შემადგენლობაში კალაძე პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამ გუნდში თამაშის პერიოდში თბილისის მერობის კანდიდატი Armani-სა და "ფერარის" სახე გახდა.
საფეხბურთო კარიერის პარალელურად კალაძემ ბიზნესს მიჰყო ხელი. 2007 წელს მან დააარსა საინვესტიციო ჯგუფი "კალა კაპიტალი", ხოლო 2008 წელს ქართული "პროგრეს ბანკის" სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. იმავე წელს გაჩნდა მისი საქველმოქმედო ფონდი "კალა ფონდი".
2010 წელს კალაძე "მილანიდან" მეორე იტალიურ კლუბ "ჯენოაში" გადავიდა, სადაც კარიერის დასრულებამდე — 2012 წლამდე ითამაშა.
2011 წელს კალაძე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო. ის გახდა პარტია "ქართული ოცნების" წევრი, რომლის დამაარსებელია მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. 2012 წელს მან მოიგო არჩევნები სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. იმავე წელს დაიკავა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი.
თბილისის მერობის კანდიდატი დაქორწინებულია ყოფილ მოდელზე, დიზაინერ ანუკი არეშიძეზე. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.