თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეგზიტპოლების შედეგებით და პარტიული დათვლებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით დამაჯერებლად ლიდერობს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
„ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება" ლიდერობს დამაჯერებლად. იქნება, სავარაუდოდ, მეორე ტურები მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, პირველ ტურში დამთავრდება მერის არჩევნები," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე გამარჯვება მიულოცა კახა კალაძეს, რომელიც თბილისის მერის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს და ეგზიტპოლის შედეგებით, 18:00 საათისთვის, ხმათა 54% მიიღო.
საქართველოს მოქალაქეები დღეს ირჩევდნენ ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს. არჩევნებზე მონაწილეობდა 22 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები.
წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის 45,74% გამოცხადდა.