თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ცესკოს სატელეფონო ცენტრში დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე 1468 ზარი და 134 შეტყობინება შემოვიდა. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და საარჩევნო პროცედურების დაზუზუსტებას შეეხებოდა.
„არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინცინდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევევბისა, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც მთავარია, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა", — განაცხადა მიქელაძემ.
პრესსპიკერის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი, ყველაზე მეტი საჩივარი დაიწერა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში.
„საჩივრები დაიწერა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად, ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნაა, კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომლებიც ასევე შეეხება პროცედურულ დარღვევებს. შესაბამისად, ისინი იქნება შესწავლილი და მოხდება შესაბამისი რეაგირება", — განაცხადა ანა მიქელაძემ.
წინასწარი მონაცემებით მთელს საქართველოში 1 მნლ 570 500 ამომრჩეველმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 45.64 %-ია. თბილისში კი ამომრჩეველთა აქტივობამ 43.4%. შეადგინა, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.