თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის ნახატების გამოფენაზე მსახიობის პორტრეტი მოიპარეს. ცნობილი ქართველი მსახიობის ნამუშევრების მეოთხე პერსონალური გამოფენა Art Gallery Vake-ში 19 ოქტომბერს გაიხსნა. გალერეაში ინცინდენტი ხუთშაბათს მოხდა. გამოფენის ერთ-ერთმა სტუმარმა მხატვარ კახა ჩხატარაიშვილის მიერ შესრულებული ლიკა ქავჟარაძის პორტრეტი მოიპარა, ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ პორტრეტის ავტორმა კახა ჩხატარაიშვილმა უამბო.
„იმ დროს მე არ ვიყავი გამოფენაზე. ზაზა კოლელიშვილმა მითხრა, რომ ლიკა ქავჟარაძის გამოფენაზე მოხდა ინციდენტი, სადაც ერთმა ქალმა მოიპარა ჩემ მიერ შესრულებული ლიკას პორტრეტი, რომელიც დაცვამ უკან დააბრუნებინა“, — თქვა ჩხატარაიშვილმა.
მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ქალი, რომელმაც პორტრეტი აიღო, მსახიობის თაყვანისმცემელი იყო.
მსახიობმა ლიკა ქავჟარაძემ ხატვა 30 წლის ასაკში დაიწყო. იგი უახლოეს მომავალში საკუთარი ნახატების გამოფენას გეგმავდა, თუმცა არ დასცალდა — ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეგობრებმა და გამოფენის ორგანიზატორებმა კი დაგეგმილი ღონისძიების გამართვა მომხდარის მიუხედავად მაინც გადაწყვიტეს.
ექსპოზიციაზე სახელწოდებით „რე" პრეფიქსი — რე ინკარნაცია" წარმოდგენილია მსახიობისა და მხატვრის მიერ ბოლო წლებში შექმნილი 24 ფერწერული ტილო. გამოფენაზე ლიკა ქავჟარაძის ნამუშევრებთან ერთად დამთვალიერებელი იხილავს სხვადასხვა თანამედროვე მხატვრის მიერ შექმნილ მსახიობის პორტრეტებსაც, რომლებიც მხატვრებმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის, ლიკა ქავჟრაძის ხსოვნის პატივსაცემად შექმნეს.
გამოფენა 26 ოქტომბერს, მსახიობის დაბადების დღეს დაიხურება.
ლიკა ქავჟარაძე 1959 წელს დაიბადა თბილისში. სამსახიობო კარიერა 1972 წელს დაიწყო, როცა იგი კინოსტუდია „ქართულ ფილმში" მიიწვიეს.
ყველაზე დიდი წარმატება ლიკა ქავჟარაძეს მოუტანა თენგიზ აბულაძის ფილმმა „ნატვრის ხე", რომელშიც მარიტას როლი შეასრულა.