თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, „საქართველოს წითელი ნუსხით" დაცულ სვავზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ფაქტი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს საფუძველზე გამოავლინეს. ფოტოზე ორ მამაკაცს მოკლული შავი სვავი უჭირავს. ფოტო სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად გავრცელდა და საზოგადეობაში აღშფოთების ტალღა გამოიწვია.
ორი ადამიანი, რომლებმაც დაიჭირეს და მოკლეს შავი სვავი, იდენტიფიცირებულია. შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მოხდა. მათ ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობამ 2500 ლარი შეადგინა, აცხადებენ უწყებაში.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება.
შავი სვავი (Aegypius monachus) — მსოფლიოში ერთ-ერტი უმსხვილესი მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე — ერთ მეტრამდე, ფრთების სიგანე — სამ მეტრამდე. შავი სვავების რაოდენობა მცირდება. საქართველოში სულ 10-15 წყვილი ბინადრობს. ზოგიერთ უძველეს რელიგიაში სვავი წმინდა ფრინველად მიიჩნეოდა. ბაბილონის, ასურეთის, ძველი ეგვიპტეს უზენაეს ღვთაებებს სვავის თავით გამოსახავდნენ.