თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა ბაგრატ ნინიაშვილმა (-66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (-73 კგ) მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-19), რომელიც ხორვატიის ქალაქ ზაგრებში იმართება, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ნათქვამია IJF-ის ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.
ორივე სპორტსმენი ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ მომავალ ჩემპიონებთან ორთაბრძოლა წააგეს. ნინიაშვილმა ბრაზილიელ დანიელ კარგნინს დაუთმო, ხოლო გრიგალაშვილი აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დამარცხდა.
ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონატის ორი დღის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. პირველ დღეს საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ჯაბა პაპინაშვილი ავიდა (-55 კგ).
მოპოვებული მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილს იკავებს, ლიდერობს იაპონიის გუნდი ექვსი მედლით, აქედან ოთხი ოქროსია. მეორე ადგილზე კი აზერბაიჯანის ნაკრებია.
პარასკევს ზაგრებში მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდება — ორ-ორი ვაჟებსა და გოგონებს შორის. საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ ლუკა მაისურაძე და ტრისტან მოსაბლიშვილი (ორივე —81 კგ), გიორგი ჩიქოვანი და იმედა გოგოლაძე (ორივე —90 კგ), ასევე სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).