თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ორი ქართველი დიზაინერი — თინათინ მაღალაშვილი და ეკატერინე ბუზალაძე მიიღებენ მონაწილეობას მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში — Mersedes-Benz Fashion Week Russia-ზე, რომელიც მოსკოვში 21-26 პქტომბერს გაიმართება.
მოდა — ერთ-ერთი საკვანძო საკომუნიკაციო პლატფორმაა Mercedes-Benz-ის მარკისთვის, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში მოდის უდიდესი ღონისძიებების მხარდამჭერია. ინოვაციები, ელეგანტურობა, მაღალი სტილი — აი რა აერთიანებს ცნობილი გერმანული ავტომობილების დიზაინს მოდის სამყაროსთან. მოსკოვი მესამე მეგაპოლისია, სადაც მოდის კვირეულმა ყველაზე მოდურ საავტომობილო ბრენდთან ტიტულურ პარტნიორობაზე ხელშეკრულება გააფორმა.
ქართველი დიზაინერების 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება 21 ოქტომბერს გაიმართება. მაღალაშვილის კოლექციას „დაცემული ანგელოზი" ეწოდება, ბუზალაძის — „თავისუფალი ფრენა".
„ჩვენი კოლექცია ერთ ბლოკში იქნება ნაჩვენები. თავიდან მოდელები ჩემი სამოსით გამოვლენ, შემდეგ — ეკას მიერ შექმნილი კოსტიუმებით. ეს კოლექციის ისტორიის, თემატიკის გაგრძელება იქნება", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" მაღალაშვილმა.
ქართველი დიზაინერების ჩვენება მარინა ცვეტაევას სიტყვებით დაიწყება: "Крылья — свобода, только когда раскрыты в полёте, за спиной они — тяжесть".
ამ სიტყვებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, აცხადებენ დიზაინერები, რადგან კოლექციები ეძღვნება ქალებს, რომლებიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, გათხოვების შემდეგ არარეალიზებულები დარჩნენ, გარკვეულ ჩარჩოებში მოექცნენ და რომლებსაც ბევრი რამ დააკლდა.
დიზაინერების სიტყვები და ფიქრები — სამოსია. ჩვენ ემოციებს გამოვხატავთ სამოსით, საზოგადეობამდე გარკვეული გზავნილი მიგვაქვს, ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში. ჩვენი ახალი ნამუშევრებით გვინდა ვუთხრათ ქალებს, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ყოველთვის შეიძლება გახდე უფრო ძლიერი, გადალახო პრობლემები. „დაცემული ანგელოზი" — ეს თითქოს არის ქალი, რომლესაც ყველა ოცნება დაემსხვრა, რომელიც ციდან დედამიწაზე დაეცა, მაგრამ საკუთარ თავში იპოვა ძალები და ფეხზე წამოდგა. ამის შესახებ არის კოლექცია", — განმარტა მაღალაშვილმა.
მოდების ჩვენებას დიზაინერები ჩვეულებრივ ძვირფასი საქორწილო კაბით ასრულებენ, მაგრამ მაღალაშვილმა ამით ჩვენების დაწყება გადაწყვიტა. მისი თქმით, ეს სიმბოლურია, რადგან ქალი გათხოვების შემდეგ საკუთარ თავს პოულობს, ამაში მას მისი მეორე ნახევარი ეხმარება, ხოლო თუ არ ეხმარება, ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც უფრო ძლიერი ხდება.
დიზაინერებს მოსკოვში 36 კოსტიუმი მიაქვთ. მაღალაშვილის კოსტიუმები ძირითადად ხელნაკეთია და რამდენიმე ტონალობაშია გადაწყვეტილი: შავში, თეთრში, წითელში და იასამნისფერში.
ბუზალაძის კოლექცია წარმოადგენს აღორძინებას, ახალი ცხოვრების დასაწყისს, რომელიც იმედით არის სავსე. ამიტომაც ის ფერადი და მრავალფეროვანია.
„ეს არის კოლექცია ქალის შესახებ, რომელსაც ვერავინ შეუშლის ხელს თავისუფალ ფრენაში. ჩვენება ოპტიმისურ ნოტაზე სრულდება, რადგან ყველა ისტორიას ბედნიერი დასასრული უნდა ჰქონდეს", — განაცხადა ბუზალაძემ.
Mersedes-Benz Fashion Week Russia-ზე მოწვევა ქართველმა დიზაინერებმა გაზაფხულზე აზერბაიჯანის მოდის კვირეულზე მიიღეს.
ქართველი დიზაინერების მიმართ ინტერესი პირველი შოუ-რუმის შემდეგ გაჩნდა, რომელიც გაიმართა შარშან მოსკოვში კულტურულ ცენტრში Дом на патриарших. Georgian designer's butik-ის ორგანიზატორი, მოსკოვში მცხოვრები ქართველი ნადეჟდა მოწონელი, ქართველ დიზაინერებს რუსეთში ქართული მოდის პოპულარიზაციაში ეხმარება.
ქართველ დიზაინერებს ასევე მხარს უჭერს ცნობილი კოლექციონერი არკადი ლიგერმანი, რომელიც სალონ Императорский портной-ში შოუ-რუმის მოწყობას ხელს შეუწყობს. შოუ-რუმი იქნება გახსნილი 22-24 ოქტომბერს.