აგნესა პაპაზიანი
ნიკ ვუიჩიჩი სოჭის ახალგაზრდობისა და სტუდენტობის ფესტივალზე
ნიკ ვუიჩიჩი პირველად სოციალურ ქსელში მოკლე მოტივაციურ ვიდეოში ვიხილე. ის საუბრობდა თავის ცხოვრებაზე, ხუმრობდა და რაც მთავარია, ბედნიერ ადამიანდა გამოიყურებოდა. შოკში ვიყავი. ნუთუ ეს ადამიანი მართლა არსებობს?
მის რამდენიმე ლექციას მოვუსმინე. მივხვდი, რომ მეც ბედნიერი ადამიანი ვარ. ახლობლები გვერდით მყავს, ვაკეთებ საყვარელ საქმეს, დასახული მაქვს ცხოვრებისეული მიზნები. ასევე, მაქვს ხელები და ფეხები… შემიძლია შევეხო ყვავილებს, გავირბინო ბალახზე, გავცურო, მოვეხვიო ახლობლებს. ამის შემდეგ რთულ მომენტებში დავიწყე ნიკის ლექციების მოსმენა. ყოველ ჯერზე ის ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა და წინსვლის ძალებს მაძლევდა.
გავიგე, რომ სოჭში ახალგაზრდობისა და სტუდენტობის ფესტივალზე სიტყვით გამოვა. გამიმართლა და ამ გრანდიოზული ღონისძიების მონაწილე ვარ. ღირს კი იმაზე საუბარი, რომ ეს ლექცია პირადად ჩემთვის თითქმის ყველაზე მთავარი მოვლენა გახდა? თუმცა იქ მოხვედრა არცთუ ადვილი იყო.
200 ნაბიჯი…მდე
მთავარი მედია-ცენტრი. უზარმაზარი, დაახლოებით 30 მეტრი სიგრძის რიგი, ყოველ რიგში 10-15 ადამიანი დგას. ის შემოსაზღვრულია და გასწვრივ პოლიციელები დგანან. ზოგიერთმა მონაწილემ ხუმრობით დაითვალა, რომ რიგი 200 ნაბიჯისგან შედგება.
რიგის დასაწყისში ხალხი უკვე დილის 4-5 საათიდან იდგა. მე კი 7 საათზე მივედი. და ცხრის ნახევრამდე იმდენად მჭიდრო რიგში ვდგავართ, რომ ვერც კი ჩაიმუხლებ.
ნანატრი დროც დადგა! როგორც იქნა, დაიწყეს ხალხის დარბაზში შეშვება. დაიწყო ჭყლეტა. დარჩენილებს ამხნევებდნენ, რომ ნიკი მეორე ლექციასაც ჩაატარებს. თუმცა, მე გამიმართლა…
ნიკის ისტორია
გვიხსნიან, რომ ნიკი წუთი წუთზე გამოჩნდება. ის შემოჰყავთ. ყველა აღფრთოვანებული შესცქერის, როგორ ადის ის ელიდან მაგიდაზე. სიჩუმეა.
„გმადლობთ, რომ მომიწვიეთ ისეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე, როგორიც ახალგაზრდობის ფესტივალია", — ამბობს ნიკი და აქ ყველა ხმამაღლა უკრავს ტაშს.
ნიკი თხრობას თომას ედისონის შესახებ საუბრით იწყებს. მას ათი ათასი მცდელობა დასჭირდა, ნათურა რომ გამოეგონებინა. მიუხედავად ჩავარდნებისა, ის არ დანებდა. როგორც ნიკი ამბობს, მასაც მოუწია მრავალი წარუმატებლობის გავლა, სანამ მსოფლიოში ცნობილი ორატორი გახდებოდა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რამდენი წარუმატებლობის შემდეგ მივედი წარმატებამდე. მთავარია, გჯეროდეს საკუთარი თავის და იპოვო შენი საქმე. და თქვენს, პირველ რიგში, საკუთარი თავი ეძებეთ. და ეცადეთ, ეცადეთ, ეცადეთ!", — აღნიშნა ნიკმა.
ნიკმა აღნიშნა, რომ ოჯახი მის გადაწყვეტილებას, გამხდარიყო სპიკერი, სკეპტიკურად შეხვდა. თუმცა მიუხედავად ამისა, მშობლებმა მას მხარი დაუჭირეს და დაეხმარნენ.
თავისი გზა მან სკოლებში ლექციების წაკითხვის მცდელობით დაიწყო. თუმცა სადაც არ დარეკა და თავისი ლექცია შესთავაზა, უარს ეუბნებოდნენ. ერთ წარუმატებლობას მეორე მოსდევდა. მაგრამ ის არ დანებდა, რადგან შეუპოვრობა და მოთმინება ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია.
„ნიკ ვუჩიჩი ვარ, მინდა თქვენთან სკოლაში მოტივაციური ლექცია წავიკითხო" — ვეუბნებოდი მე. „არა". — მესმოდა პასუხად. ასე იყო ერთ, მეორე, მესამე სკოლაში. 55-ე სკოლაში, სადაც დავრეკე, მომცეს ლექციის წაკითხვის უფლება", — საუბრობს ნიკი.
ნიკ ვუიჩიჩი საოცრად საინტერესო მიმიკით საუბრობს; თითქოს გარშემო არაფერი არსებობს, სანამ ის საუბრობს. ასევე, ბევრს ხუმრობს. მაგალითად, ამბობს: „მუხლები მიკანკალებდა", „ხელისგულები გამიოფლიანდა". დარბაზს მის ხუმრობებზე აღფრთოვანებული რეაქცია აქვს.
ამ ადამიანის თვითირონია უბრალოდ გაოცებს. ის არ იწვევს მის მიმართ სიბრალულის გრძნობას, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ასე არ უყვართ. მის მიმართ ამ გრძნობის გამო დიდი პატივისცემით იმსჭვალები.
სიყვარულისა და სიკეთის ძალის შესახებ
„შენ ვერასდროს შეძლებ ცოლის მოყვანას და ბავშვები რომ გეყოლოს კიდეც, მათ ხელში ვერასდროს აიყვან, ვერასდროს დაიკავებ შენი ცოლის ხელს ხელში" — ასე მეუბნებოდნენ ხშირად ჩემი არაკეთილმოსურნეები", — საუბრობს ნიკი.
მიუხედავად ყველა სიძნელისა, ნიკ ვუიჩიჩს დღეს ლამაზი ცოლი და ორი შვილი ჰყავს. მისი თქმით, მათ ოჯახში სიყვარული, სიკეთე და სითბო სუფევს. იხუმრა, რომ როცა სადილობენ, მეუღლე ტელეფონს თაროზე დებს, რომ მან არ გამოიყენოს.
„როცა ოჯახთან ვარ, მთელი ჩემი ყურადღება მას ეთმობა. ოჯახი ხომ ყველაზე ფასეულია", — აღნიშნა ნიკმა.
ნიკმა გულახდილად აღიარა, რომ მალე ტყუპის მამა გახდება. მთელმა დარბაზმა მას გულწრფელად მიულოცა.
ნიკ ვუიჩიჩი ბედნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის შინაგანად ასხივებს. ამის თამაში კამერისთვის შეუძლებელია. ის სიმართლეს ამბობს თავის თავზე, თავის აზრებზე, თავის ცხოვრებაზე.
„მნიშვნელობა არა აქვს, შეგიძლია თუ არა შეეხო ვინმეს ხელს, მთავარია, მის სულს შეეხო" — ასეთია ნიკის დევიზი ცხოვრებაში.
ვუიჩიჩმა რჩევები მისცა მათაც, ვინც თავს დეპრესიულად გრძნობს და ყველაფრის მიტოვება სურს. ეს რჩევები მათ დაეხმარება, მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ დანებდნენ და მტკიცედ განაგრძონ სვლა.
1. დაწერე სია, თუ რისთვის ხარ ბედის მადლიერი
2. დაელაპარაკე ვინმეს, რომელიც გაგამხნევებს
3. აიღე გამოსასვლელი დღე
გააკეთე სიკეთე
მოეხვიე მთელ სამყაროს
ნიკის ლექცია დასასრულს უახლოვდება. ერთმა საათმა ხუთი წუთივით ჩაიქროლა. დარბაზში ყველა აღელვებულია, ბევრს ცრემლი ადგას თვალზე… ალბათ, ბედნიერებისგან.
ბოლოს ნიკი ამბობს: „არ შემიძლია, მოგეხვიოთ, მაგრამ ძალიან მიყვარხართ და თქვენთვის ვლოცულობ. მოეხვიეთ ერთმანეთს!"
აქ კი დარბაზში ყველა ერთმანეთს ეხვევა. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვის… გრძნობ, რომ გიყვარს მოყვასი შენი და გინდა, ეს გაუზიარო. დარბაზში კი 180 ქვეყნის წარმომადგენელია! სიმბოლურია — მთელი სამყარო ერთმანეთს ეხუტება.
ალბათ, ესაა, იცხოვრო სწორად — იცხოვრო მშვიდობასა და თანხმობაში, გაუკეთო სიკეთე ახლობელს, ეცადო ყველას დაეხმარო. იყო გულმოწყალე ადამიანი. ესაა ნიკ ვუიჩიჩის ლექციის მთავარი გზავნილი.