თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო ჯილდოებზე პრეზიდენტს წარუდგინა საქართველოს მთლიანობისთვის გმირულად დაღუპული ადამიანების სია, აღნიშნულია პრემიერის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
პრემიერის ინიციატივით ეროვნული გმირის ორდენზე წარდგენილია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, ხოლო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე წარდგენილი არიან — ვახტანგ ფარცვანია, არშაველ შენგელია, გივი პაპუაშვილი, ალექსანდრე ფარცვანია, გენური ლიპარტელიანი, მერაბ კვინიკაძე, სერგო სილაგაძე, შალვა ნადირაძე და ელგუჯა შარტავა.
მანამდე უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ ფარცვანია პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკვე დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.
პრემიერ-მინისტრის წარდგენა უკვე გაგზავნილია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საქართველოს მთავრობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთიანი ძალისხმევით ოჯახებს დაუბრუნეს 1993 წელს სოხუმში დაღუპული ადამიანების ნეშტები, რომლებიც ბოლო დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ. სამშობლოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს დღეს ძმათა სასაფლაოზე პატივით დაკრძალავენ.
1992-93 წლებისა და 2008 წლის ომის შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული. 2010 წლიდან დღემდე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით 110-მა ოჯახმა შეიტყო დაკარგული ოჯახის წევრისა და ახლობლის ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ, ამ თვეში კი ამ რიცხვს კიდევ 25 ოჯახი შეემატა.
ამ 25 ოჯახს შორის არიან იმათი ოჯახები და ახლობლები, რომლებიც 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაიღუპნენ. მათ შორის არიან მამია ალასანია – უშიშროების პოლკოვნიკი და სოხუმის მერი – საქართველოს გმირი გურამ გაბესკირია.
ნეშტების ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ზაგრების უნივერსიტეტთან არსებულ დნმ-ის ლაბორატორიაში ჩატარდა.