თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" გიორგი ტყემალაძე დაასახელეს, რომელიც ამჟამად საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის მოადგილეა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება საზოგადოების ინტერესი, ვინ იქნება „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. აღნიშნულ თანამდებობაზე ჩვენმა გუნდმა შეარჩია გიორგი ტყემალაძე. გიორგი ტყემალაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამავე დროს გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამჯერად უკვე თავმჯდომარის რანგში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში", — აღნიშნულია საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
კვირიკაშვილი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" ლიდერია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ ქალაქებისა და რაიონების მერებს და საკრებულოს დეპუტატებს. არჩევნებზე დარეგისტრირებულია 22 პარტია და ხუთი საარჩევნო ბლოკი.
არჩევნების შედეგების მიხედვით საკრებულოს ჩამოყალიბების შემდეგ მის თავმჯდომარეს კენჭისყრით აირჩევენ.
გიორგი ტყემალაძე 42 წლისაა. ის პროფესიით ინჟინერია. ამჟამად ტყემალაძე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. არის ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს ურბანისტული დაგეგმარების კომისიის წევრი.
ტყემალაძე წარმოადგენს ფრაქციას "ქართული ოცნება — მრეწველები".
ტყემალაძე 2012 წლიდან საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.