თბილისი, 15 ოქტომბერი —Sputnik. დაახლოებით 30 წუთის წინ ზუგდიდის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე უცნობმა პირებმა ბიზნესმენ ლევან ქუჩულორიას ესროლეს, იუწყება Sputnik-საქართველოს საკუთარი კორესპონდენტი ზუგდიდიდან.
თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ბიზნესმენი შინ იმყოფებოდა. ბოროტმოქმედებმა ქუჩულორიას სამჯერ ესროლეს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ.
როგორც დაშავებულის მამა ამბობს, მის შვილს რამდენიმე პირი სტუმრობდა ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე სალაპარაკოდ, რა დროსაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა.
დაჭრილი ბიზნესმენი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
სამართალდამცველების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.