თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ" კვირას თბილისში საკუთარი მომხრეები საპროტესტო აქციაზე გამოიყვანა.
აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს დედაქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილება, თბილისის ცენტრში ორი მიწის ნაკვეთის კომპანია „თბილისი სიტისთვის" გადაცემის შესახებ, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებულ პროექტ „პანორამა თბილისს" ახორციელებს.
აქციის მონაწილეები მეტრო "რუსთაველთან" შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაემართნენ.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათმა მომხრეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის ჭიშკარზე პლაკატები მიაკრეს. პლაკატებზე გამოსახულია ბიძინა ივანიშვილი და წარწერა "ფაროსანა".
„აქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა, რომელიც შემოსულია მთელ საქართველოზე და იტაცებს და იტაცებს მთელ ქართულ მიწებს და ტერიტორიებს… ალბათ ძალიან გაგვიჭირდება ყველა იმ მიწის და ნაგებობის მოძიება, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, თუმცა აუცილებლად მოვიძიებთ", — განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ენმ-დან ზაალ უდუმაშვილმა.
მისი თქმით, თბილისი არ დაუშვებს, რომ მისი ისტორიული ნაწილი მიიტაცოს ამ ადამიანმა, რომლის სახლი სავსეა ამ ქვეყნის მოქალაქეების ფულით.
უდუმაშვილმა განაცხადა, რომ უკანონობას ბოლო 21 ოქტომბერს მოეღება, როდესაც თბილისელები ხელისუფლებას საკადრის პასუხს გასცემენ.
„ჩვენ ყველა ველოდებით 21 ოქტომბრის არჩევნებს, როდესაც თბილისი დაუბრუნდება განვითარების რელსებს," — აცხადებს ზაალ უდუმაშვილი,
უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ხალხი საკუთარი არჩევანის დასაცავად კვლავ ქუჩაში გავა.
სექტემბრის ბოლოს თბილისის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ აღნიშნული ტერიტორიების სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეცვალა საზოგადოებრივმა, რის გამოც მათი პრივატიზება გახდა შესაძლებელი.
ეს გადაწყვეტილება ოპოზიციამ თბილისის მერიისა და საკრებულოს შენობების წინ ორ აქციაზე გააპროტესტა. აქციებზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. რამდენიმე მონაწილე დააკავეს, თუმცა შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. ამჯერად აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.