თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, იტყობინება ტელეკომპანია „იმედი" (Imedi) მსახიობის ადვოკატზე დაყრდნობით.
ლაშა კურტანიძე პოპულარულ ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები" მონაწილეობდა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ზე გადის.
ლაშა კურტანიძე ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან ერთად 2016 წლის მაისში დააკავეს. მანქანაში, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, 42 გრამი ფხვნილი და კრისტალები და ნარკოტიკული ნივთიერება MDMA-ს შემცველი 136 აბი აღმოაჩინეს. ნარკოტიკების ნაწილი (0,08 გრამზე მეტი) პოლიციამ კურტანიძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას აღმოაჩინა.
საქართველოს პროკურატურამ მიმდინარე წლის ივნისში ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო გარიგება გააფორმა და ნარკოდანაშაულისთვის სასჯელის ვადა შეუმცირა, როსტოშვილს მიმდინარე წლის მარტში პატიმრობის 8 წელი მიესაჯა, მას ვადა 3 წლამდე შეუმცირდა. კურტანიძეს ციხეში 5 წელი უნდა გაეტარებინა, მაგრამ ეს ვადა მას 1 წლამდე შეუმცირდა.
ლაშა კურტანიძე იმ 226 მსჯავრდებულს შორის აღმოჩნდა, რომლებიც პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს შეიწყალა. პატიმრობაში რჩება კურტანიძესთან ერთად დაკავებული ტელეწამყვანი, ლევან როსტოშვილი. უცნობია, მიმართა თუ არა მან პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.