თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საზოგადოებაში გამოჩნდა და მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდს სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.
ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.
პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. მსახიობის ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, თაყვანისმცემლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა. ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად მსახიობის ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. ჟურნალისტებთან კომენტარი მათ არ გაუკეთებიათ. ბოლოჯერ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში ივნისში, მისი ავადმყოფობის შესახებ ხმების გავრცელების შემდეგ გამოჩნდა.
ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე მეგობარმა ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. წინასწარი მონაცემებით, მსახიობს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლითაა აღძრული.
ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1973 წელს თბილისის კონსერვატორიის ფორტეპიანოს კლასი დაამთავრა. სამსახიობო კარიერა 1972 წელს დაიწყო, როცა იგი კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მიიწვიეს.
ყველაზე დიდი წარმატება ლიკა ქავჟარაძეს თენგიზ აბულაძის ფილმმა „ნატვრის ხე" მოუტანა, რომელშიც გლეხის გოგოს მარიტას როლი შეასრულა.