თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ახალგაზრდობისა და სტუდენტების მსოფლიო ფესტივალზე სოჭში 87-კაციანი ქართული დელეგაცია ჩავიდა, გუნდის ყველა მონაწილე დააბინავეს ოლიმპიურ სოფელში, მათ ეკიპირება დაურიგეს და ფესტივალის ძირითადი მოედნები გააცნეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
„სოჭში ჩავედით, ახალგაზრდეები უკვე დაბინავდნენ. ისინი ეცნობიან გარემოს, ერთმანეთს და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მონაწილეებს. ხვალინდელი გრანდიოზული გახსნისთვის ვემზადებით“, — განაცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ნესტან ჩიტაიამ.
ფესტივალის პირველ დღეს, 14 ოქტომბერს სოჭში საორგანიზაციო საკითხები წყდება, მოსკოვში კი ფესტივალის გახსნის დიდი კარნავალი იმართება. ძირითადი ღონისძიებები სოჭში 15-დან 22 ოქტომბრამდეა დაგეგმილი.
დელეგაციების წევრებისთვის უკვე ცნობილია განრიგი სამი მიმართულებით: სადისკუსიო, სპორტული და კულტურული პროგრამები. მონაწილეებს ბევრი ღონისძიება ელოდება, დაწყებული ციგურებზე სრიალის მასტერ-კლასით დამთავრებული გლობალურ პრობლემებზე მრგვალი მაგიდებით.
ქართული დელეგაციის გარდა, სოჭში ასევე ჩავიდა ყაზახური, ყირგიზური, სერბეთის, ნეპალის, სლოვენიის, კანადის და სხვა დელეგაციები. ქვეყნების გუნდების გარდა, არიან ცალკეული მონაწილეებიც, რომლებიც სოჭში დამოუკდებლად ჩავიდნენ — რამდენიმე ადამიანი ჩავიდა ბრაზილიიდან, დომინიკის რესპუბლიკიდან, გვატემალადან და ა.შ.
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალი ჩატარდება ლოზუნგით: „მშვიდობისთვის, სოლიდარობისა და სოციალური სამართლიანობისთვის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ვიბრძვით — ჩვენი წარსულის პატივისცემით, მომავალს ვაშენებთ!“ ფესტივალის მიზანია — მსოფლიოს ახალგაზრდული საზოგადოების გაერთიანება, საერთაშორისო კავშირების განმტკიცება, ეროვნებათაშორისი და კულტურათაშორისი თანამშრომლობის განვითარება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია.