ლიზი შელია
თავის ისტორიას მსოფლიოს ყველა ხალხი ელოლიავება, თაობიდან თაობას გადასცემს და იცავს და ინახავს მის თითოეულ ფრაგმენტს. შემოქმედებით ადამიანებს მდიდარი ფანტაზია აქვთ, რომელსაც ხელოვნებაში ასხამენ ხორცს.
ქართველი დიზაინერის, მეგი გაბუნიას კოლექციები მდიდარია საქართველოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქით და ასევე ანტიკურობის ელემენტებით.
ტყავი, ბეწვი, ლითონის დეტალები, სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილები — კოლექციები ნამდვილად მოულოდნელობებით არის სავსე. დიზაინერის ნამუშევრები მაშინვე გიზიდავს.
გაბუნია ბავშვობიდან ხატავს, ხოლო ექვსი წლისამ პირველი კაბა შეიკერა.
„მამაჩემი მხატვარია. ბავშვობიდან ვხედავდი მის ნახატებს სახლში, რომელიც საგამოფენო სივრცეს ჰგავს. ასეთმა გარემომ ხელოვნებისადმი ინტერესს შეუწყო ხელი. სწორედ ამიტომ, სკოლის დამთავრების შემდეგ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდელირების ფაკულტეტზე ჩავაბარე ტყავგალანტერიისა და ტრიკოტაჟის მიმართულებით. სულ მალე პრეზიდენტის სტიპენდიანტი გავხდი", — უამბო „Sputnik-საქართველოს" გაბუნიამ.
პროფესიის ძირეულად დასაუფლებლად, გაბუნიამ სწავლა მაგისტრატურაში განაგრძო. 18 წლისამ ფეხსაცმლის კერვის სალონში დაიწყო მუშაობა. რამდენიმე წლის განმავლობაში ფეხსაცმლის დიზაინით იყო დაკავებული და ამ დარგის სხვადასხვა წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობდა.
„ამ პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღე, დავხვეწე დამუშავების ტექნიკა და სხვა უნარები. მოგვიანებით უკვე საკუთარი სალონი გავხსენი", — აღნიშნა გაბუნიამ.
გამოცდილების მიღებაში ასევე დაეხმარა რუსთავის ტყავის საწარმოში მუშაობა.
ახალგაზრდა დიზაინერს 2016 წელს შესთავაზეს მონაწილეობა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სატელევიზიო პროექტში „გააგრძელე საქართველოს ისტორია", რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადიოდა.
გაბუნია კოსტიუმების მხატვარი გახდა. სწორედ ეს პროექტი გახდა მისთვის თავისი ერთ-ერთი პირველი კოლექციის შექმნის წყარო.
ბოლო კოლექციის თემატიკა ასევე ისტორიას ეძღვნება და ეწოდება "ისტორიის მცველები".
„როგორც გითხარით, იდეა პროექტზე მუშაობის დროს გამიჩნდა. ცნობილ ქართველ მსახიობებს შუა საუკუნეების კოსტიუმები ჩავაცვი. დავდგით წარმოდგენა, ხოლო ფოტომასალა ქსოვილზე, პრინტის სახით გადავიტანეთ. ასე შეიქმნა სამოსი, რომელზეც საქართველოს ისტორიის ნაწილია ასახული", — აღნიშნა გაბუნიამ.
დიზაინერი მიიჩნევს, რომ შთაგონება მხოლოდ კონკრეტულად ერთი თემიდან არ მოდის. შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს საინტერესო ადამიანთან რაიმე თემაზე უბრალო საუბარი, სეირნობა ან მუსიკა. მისი თქმით, ხშირად ხატვისას იქმნება გარკვეული სილუეტები და მოდელები, ხოლო შემდეგ მუშაობის პროცესში ისინი სრულყოფილი ხდება, ემატება სხვადასხვა შტრიხი.
„რა თქმა უნდა, ტყავზე მუშაობა ძალზე რთული პროცესია, მაგრამ მრავალწლიანმა გამოცდილებამ, ამ საქმის მუდმივმა შესწავლამ და ტექნიკის დახვეწამ მუშაობა გამიადვილა", — აღნიშნა გაბუნიამ.
M.G.-ს კოლექციის მთავარი ნაწილია ტანსაცმელი, თუმცა დიზაინერი ასევე ქმნის ორიგინალურ ტყავის აქსესუარებს, ჩანთებსა და ფეხსაცმელს.
„ერთ მოდელს, ძირითადად, შეზღუდული რაოდენობით ვუშვებთ. ვცდილობთ, რომ ერთმანეთს არც ერთი არ გავდეს, ყველას ჰქონდეს თავისი ხასიათი, თავისებურებით გამოირჩეოდეს", — აღნიშნა დიზაინერმა.
გაბუნია მოდის კვირეულებში მონაწილეობს. ერთ-ერთ მოდის კვირეულზე წარმოდგენილმა კოლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, ამან კი დიზაინერს უბიძგა, მთელი რესურსი ამ სფეროსკენ წარემართა.
M.G.-ს სტილი, ძირითადად, კეჟუალია. თუმცა მეგი გაბუნიას კოლექცია გამიზნულია როგორც თინეიჯერების, ისე უფროსი ადამიანებისთვის. მისი პროდუქციის მომხმარებელი თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანები არიან, რომელთათვის მნიშვნელოვანია, ტანსაცმელში თავი კომფორტულად იგრძნონ, იყვნენ განსაკუთრებული და არ ჰგავდნენ სხვებს.
„იცით, ჩემთვის მოდა ისა, რაც მომწონს, ის, რაც ახლა მინდა, რასაც ვქმნი და ვიცვამ. სწორედ ამას ვთავაზობ მომხმარებელს", — აღნიშნა გაბუნიამ.
დიზაინერმა საკუთარი მაღაზია გასული წლის დეკემბერში ძველ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გახსნა. მას წინ ბევრი საინტერესო პროექტი აქვს, რომელშიც შესაძლებელი იქნება ისტორიულ გმირებთან შეხვედრა, თითქოს ისინი ჩვენს დროში ცხოვრობენ.