თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ქართული საზოგადოება ცნობილ კინომსახიობ ლიკა ქავჟარაძეს შაბათს, 14 ოქტომბერს გამოემშვიდობება.
როგორც „Sputnik საქართველოს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს, პანაშვიდები 12 და 13 ოქტომბერს, 17:00 საათზე მსახიობის სახლში გაიმართება (მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა, სახლი № 62, II სადარბაზო, ბინა 21)
14 ოქტომბერს კი ლიკა ქავჟარაძეს ვაკის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიაში გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია 15: 00 საათზე გაიმართება. დაკრძალვის ადგილი, ჯერჯერობით, უცნობია.
„მსახიობის დაკრძალვასთან დაკავშირებით კომუნიკაცია რამდენიმე უწყებასთან უკვე გვქონდა, კერძოდ, კულტურის სამინისტროსთან, თბილისის მერიასთან და შს სამინისტროსთან. ამ დროისთვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მიდის მოლაპარაკებები", — აღნიშნეს საქართველოს კულტურის სამინისტროში.
ლიკა ქავჟარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე მეგობარმა ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. წინასწარი მონაცემებით, მსახიობს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლითაა აღძრული.
ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1973 წელს თბილისის კონსერვატორიის ფორტეპიანოს კლასი დაამთავრა. სამსახიობო კარიერა 1972 წელს დაიწყო, როცა იგი კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მიიწვიეს.
ყველაზე დიდი წარმატება ლიკა ქავჟარაძეს თენგიზ აბულაძის ფილმმა „ნატვრის ხე" მოუტანა, რომელშიც გლეხის გოგოს მარიტას როლი შეასრულა.
მსახიობს 20-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის: „ოჯახი", „პეპელა", „მხოლოდ ერთხელ", „კავკასიური რომანსი" და ა.შ.