თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ანტიდემპინგური კანონმდებლობა ბიზნესისთვის ბარიერი გახდება, თუ ის სახელმწიფოს ფასწარმოქმნაში ჩარევის შესაძლებლობას მისცემს, მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.
„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს ფასებთან დაკავშირებით, თუ პარლამენტი ისეთ ანტიდემპინგურ კანონმდებლობას შეიმუშავებს, რომელიც სახელმწიფოს ფასწარმოქმნაში ჩარევას იგულისხმებს, ეს იქნება გარკვეულწილად ხელისშემშლელი პირობა როგორც დღეს არსებული კომპანიებისთვის, ისე იმ პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებიც ქართულ ბაზარზე შემოვლენ", — აღნიშნა ლევან კალანდაძემ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.
ლევან კალანდაძის თქმით, დღეს ქვეყანაში ნომერ პირველი გამოწვევა არის ეკონომიკურ ზრდაზე დაფუძნებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბება. ამას კი მაქსიმალურად დიდი ინვესტიციები სჭირდება.
„რადგან ქვეყანაში შიდა ინვესტიციები შეზღუდულია, უახლოესი წლების განმავლობაში აქცენტის გაკეთება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე მოგვიწევს, ასეთი ტიპის რეგულაციები კი შესაძლოა მათ მოსაზიდად შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს".
საქართველოს პარლამენტში ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესახებ კომიტეტებში მსჯელობდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იმპორტიორ კომპანიებს ეკრძალებათ, პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესება, რადგან ეს ბაზარზე მონოპოლისტის გაჩენის საშიშროებას ქმნის.
აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობა კომიტეტებში ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტმა დაიწყო.