12 ოქტომბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:
„ამერიკული კონტრაბანდა“ (American Made) — რეჟისორ დაგ ლაიმანის ამერიკული კრიმინალური კომედიური ტრილერი ტომ კრუზით მთავარ როლში. ფილმი ეფუძნება ამერიკელი პილოტი-ავანტიურისტის, ბარი სილის რეალურ ისტორიას. ბარი ორ ცეცხლ შუა უშიშრად მოქმედებდა, ქონებას კონტრაბანდით შოულობდა და ამავე დროს ამერიკის სადაზვერვო სამმართველოსთან (CIA) თანამშრომლობდა. აშშ-ში ის ბოინგ 747-ის ყველაზე ახალგაზრდა პილოტო იყო, რამდენიმე წელში ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. მისი ცხოვრების სტილი ისეთივე ექსტრემალური იყო, როგორც მისი ბიზნესი. დახურული წვეულებები, ქერათმიანი ლამაზმანები, ყველაზე მაგარი მანქანები და სარისკო გარიგებები. მას ჰაერიდან ფულის შოვნა შეეძლო. როლებში: ტომ კრუზი, დონალ გლისონი, სარა რაითი, ჯესი პლემონსი.
საინტერესო ფაქტები: ფილმის გადაღებების ბოლოს დღეს ტრაგიკული მოვლენა მოხდა — 2015 წლის 11 სექტემბერს პილოტი-კასკადიორი ალან დი პერვინი და მისი ვენესუელელი თანაშემწე კარლოს ბერლი დაიღუპნენ, მათი ორძრავიანი თვითმფრინავი Aerostar-ი ანდებში ძლიერი ნისლის გამო ჩამოვარდა. ბორტზე ასევე ჯიმი ლი გარლანდი იმყოფებოდა, ის გადარჩა, მაგრამ სერიოზული ტრავმები მიიღო. ინციდენტამდე ათი წუთით ადრე ტომ კრუზი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა, რომელიც იმავე მარშრუტით და იმავე მეტეოროლოგიურ პირობებში მიფრინავდა.
„ჩემი პატარა პონი“ (My Little Pony: The Movie) — ჯეისინ ტისენის მულტფილმი-ფენტეზი. ლამაზი ზღაპარი თოჯინების ცნობილი სერიის პერსონაჟებზე — საყვარელ პონებზე, რომლებიც ექვესტრიაში ცხოვრობენ. ადგოლობრივები მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, სანამ მათ ბოროტი მეფე შტორმის არმია არ შემოესია. ბოროტი გმირის შესაჩერებლად ისინი მშოაბლიურ ადგილებს ტოვებენ და მიდიან მოგზაურობაში, რომელიც სასწაულებითა და ხიფათებით არის სავსე. მათ მოუწევთ ჯადოსნური მთების დალაშქვრა, წყალქვეშა სამყაროში ჩაძირვა და მეკობრეების მფრინავი გემით მოგზაურობა.
საინტერესო ფაქტები: ერთ-ერთ როლს მომღერალი სია ახმოვანებს.
„ეგზორციზმი“ (The Crucifixion) — ფრანგი რეჟისორის ქსავიე ჟანსის (Xavier Gens) მისტიური საშინელებათა ტრილერი. 2005 წელს ხუთ სასულიერო პირს ბრალად ედება მონაზვნის მკვლელობა, რომლის დროს ეგზორციზმის რიტუალი ჩატარდა. ჟურნალისტი ნიკოლი დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს. რაც უფრო მეტად იხლართება ნიკოლი აუხსნელი მოვლენების ჯაჭვში, მათ განუყოფელ ნაწილად იქცევა და იმ აზრამდე მიდის, რომ სასულიერო პირებმა დემონურ არსებასთან ბრძოლა წააგეს, ხოლო ეგზორციზმი დემონის იარაღი გახდა.
საინტერესო ფაქტები: ფილმის ორიგინალი სახელწოდება ითარგმნება როგორც „ჯვარცმა“. ფილმის გადაღება რუმინეთში მიმდინარეობდა.
გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა კანადელი რეჟისორის დენი ვილნევისა და პროდიუსერ რიდლი სკოტის ფანტასტიკური ფილმი „ბლეიდ რანერი 2049“, ფრანგულ-გერმანული ექშნ-ტრილერი „განდგომილთა რაზმი“ და შვედური ბიოგრაფიული ფილმი „ბორგი VS მაკენროი“.
უკვე თბილისის კინოთეატრებშია — ამერიკული ტრილერი „ამერიკელი ასასინი“, ჯაშუშური ტრილერი ლიამ ნისონით მთავარ როლში „უოთერგეითი: თეთრი სახლის საიდუმლო“, ქართული დრამა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, ინგლისურ-ამერიკული ჯაშუშური ბოევიკი „კინგსმენი: ოქროს წრე“ და ამერიკული დრამატული ფილმი „ის“ კინგის მიხედვით.
მულტფილმები ბავშვებისთვის: ამერიკულ-დანიური კომპიუტერული მულტფილმი „ლეგო ნინძაგო“ და ფრანგული მულტფილმი „ჯუნგლების მცველები“.
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!