თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების თავდამსხმელ ბექა ბურჯანაძეს, რომელიც ამჟამად კლუბ MoraBanc Andorra-ს სახელით ასპარეზობს, ქალაქ ვიტორიის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, ნათქვამია ესპანური გუნდის Facebook-გვერდზე.
წინასწარი ინფორმაციით, ქართველ სპორტსმენს ძალების სრულად აღსადგენად დაახლოებით ხუთი თვე დასჭირდება.
23 წლის ბექა ბურჯანაძემ მუხლის ტრავმა გასული სეზონის ბოლოს მიიღო, რის გამოც მან ვერ მიიღო მონაწილეობა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართულ პლეი-ოფის მატჩებში და ასევე ევრობასკეტი-2017-ზე.
ბურჯანაძე ერთი წლის წინ Básquet Coruña-დან გადავიდა MoraBanc Andorra-ში, რომლის შემადგენლობაშიც 2019 წლამდე დარჩება. გასულ სეზონზე თავდამსხმელმა ერთ თამაშში საშუალოდ 10,1 ქულა დააგროვა და 4,2 მოხსნა გააკეთა.