რა უპირატესობით სარგებლობენ ფასდაკლების საიტები და რა პრობლემები არსებობს ამ სფეროში

გამოწერა
ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ფასდაკლების საიტები, რომლებიც მომხმარებლებს სხვადასხვა სახის პროდუქციაზე 30%-დან 90%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფასდაკლების საიტებს ბევრი დადებითი მხარე აქვს, არის პრობლემებიც და კითხვებიც, რომლებზეც პასუხს მომხმარებელი ელოდება. „Sputnik–საქართველომ“ ერთ-ერთი ფასდაკლების საიტის „შიდა სამზარეულოში“ შეიხედა. ჩვენ კითხვებს Hotsale.ge-ს სტრატეგიული განვითარების მენეჯერი მადონა სურმანიძე პასუხობს.

– როდის გამოჩნდა ქართულ ინტერნეტ–სივრცეში ფასდაკლების საიტები?

— პირველად დაახლოებით რვა წლის წინ დაიწყო საქართველოში ამ ბიზნესმა ფეხის მოკიდება, თუმცა საზღვარგარეთ 2008 წლიდან გამოჩნდა ყველაზე დიდი ფასდაკლებების საიტი groupon.com, რომელიც მსოფლიოს 500-მდე ქალაქშია წარმოდგენილი. საქართველოში ამ წლების მანძილზე აქტიურად ემატებოდა ახალ–ახალი კომპანიები, თუმცა დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე კომპანია შემორჩა ფასდაკლებების სივრცეს. 

Hotsale-ი 2011 წელს დაარსდა და განვითარების საკმაოდ რთული გზა გაიარა, რადგან ამ დროისთვის ბაზარზე იყო უკვე სამი საკმაოდ სერიოზული მოთამაშე კომპანია და რთულია ასეთ დროს ფეხი მოიკიდოს დამწყებმა ბიზნესმა. ამ ექვსი წლის მანძილზე ძალიან ბევრი დაიხურა, რადგან საკმაოდ რთული და მგრძნობიარე ბიზნესია და დღეს მხოლოდ 2–3 კომპანია შემორჩა ბაზარს. ჩვენ შემთხვევაში სწორმა მიდგომებმა, დაუღალავმა შრომამ და პროფესიონალურმა გუნდმა განაპირობა ის, რომ დღეს კომპანია ბაზრის 70% წილის მფლობელია და ცალსახა ლიდერია ამ ბაზარზე. 

– რა უპირატესობა აქვს ფასდაკლების საიტებს?

— თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს ფასდაკლებების საიტებს როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე პარტნიორი კომპანიებისთვის.

პირველ რიგში მომხმარებელს საშუალება ეძლევა დაზოგოს საკმაოდ დიდი თანხა. ამასთანავე ბევრი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა ის, რისი შეძენაც აქამდე მისთვის მიუწვდომელი იყო, ან არ უღირდა დიდი თანხის გადახდა, რადგან ფასდაკლებები 30%-დან 90%-მდე მერყეობს და ნებისმიერი ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი. 

კომპანიებს რაც შეეხება, მათთვის ეს არის უფასო და ნულოვანი რისკის მქონე სარეკლამო არხი. დღევანდელი სარეკლამო ბიზნესი, დამეთანხმებით, ძალიან ბევრ არხს სთავაზობს კომპანიებს. თითქმის ყველა მოითხოვს საკმაოდ სოლიდურ ბიუჯეტს, ეს კი რისკებთანაა დაკავშირებული – ან იმუშავებს ან არა. ფასდაკლებების საიტის შემთხვევაში კი კომპანია მხოლოდ ბენეფიტებს იღებს და არაფერს რისკავს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ზუსტად ზომავ შედეგს, რამდენი ათასი ადამიანი გაეცნო შენ რეკლამას (აქციას) და რამდენმა შეიძინა ის. ანუ რამდენი რეალური და პოტენციური მომხმარებელი შეიძინე. ფასდაკლებების საიტთან თანამშრომლობა საინტერესოა როგორც დამწყები, ასევე დიდი ბიზნესებისთვისაც. 

– თქვენ რა მომსახურებას, რა კატეგორიებს სთავაზობთ მომხმარებელს?

— თითქმის ყველა საჭირო კატეგორიას, რაც სჭირდება მომხმარებელს რეგულარული გამოყენებისთვის. თავის მოვლა (სილამაზე), კვება (რესტორნები, ბარები, ლაუნჯები), ჯანმრთელობა (ფიტნესი, აუზები, სტომატოლოგია), სწავლა–განათლება (ტრენინგები, კურსები), ავტო (მართვის კურსები, დიაგნოსტიკა), გართობა, პროდუქცია, საბავშვო და სხვა… 

– მომხმარებლების წლიური დანაზოგი რამდენია?

— წლიური დანაზოგი საკმაოდ დიდია და ყოველ წელს იზრდება. დღის განმავლობაში საიტზე საშუალოდ 800-დან 1000-მდე ტრანზაქცია ფიქსირდება.

– ყველაზე ხშირად რომელი პროდუქტი იყიდება, ქართველი მომხმარებლები რას ანიჭებენ უპირატესობას?

— მოგეხსენებათ, ქართველებს ძალიან გვიყვარს გემრიელი კერძები და გართობა. შესაბამისად, ყველაზე მეტად იყიდება პაბების, რესტორნების, ლაუნჯების მენიუები და სალონური მომსახურებიდან – ეპილაციები. ეს ორი ძირითადი კატეგორია ყოველთვის წამყვანია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სეზონზე არანაკლები გაყიდვა აქვს სასტუმროებს და ღია საცურაო აუზებს. 

– ალბათ ბევრს აინტერესებს და ამიტომ გკითხავთ – რა მოგება და რა ინტერესი აქვს ამ შემთხვევაში ფასდაკლების საიტს?

— რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ნებისმიერი ბიზნესი, ფასდაკლებების საიტიც გათვლილია გარკვეულ მოგებაზე და ეს გახლავთ ვაუჩერების თანხა, რომელსაც მომხმარებელი იხდის საიტზე იმისთვის, რათა მიიღოს ფასდაკლების უფლება საიტზე განთავსებულ აქციებზე. ფასდაკლებები მხოლოდ ვაუჩერის მფლობელ მომხმარებლებზე ვრცელდება ექსკლუზიურად.

ამას გარდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის კეთილი საქმე, რომელსაც ძალიან ბევრი მადლიერი მომხმარებელი ჰყავს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ რესურსს და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა როცა ბევრი ასრულებული სურვილის ავტორი ხარ, მას ძალიან ბევრი მადლობის წერილი მოჰყვება და ამასთან ერთად უამრავი ერთგული მომხმარებელი. ამ სფეროში მუშაობა ერთ–ერთი ყველაზე დიდი აზარტი და სიამოვნებაა. 

– ალბათ, როგორც ყველა სფეროში, აქაც არსებობს გარკვეული პრობლემები. რა პრობლემას შეიძლება წააწყდეს მომხმარებელი და როგორ უნდა აღმოფხვრას ეს პრობლემები?

— რა თქმა უნდა, გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი ბიზნესის ზრდასთან ერთად და ჩვენ ამ პრობლემების მოგვარებას მნიშვნელოვან დროს და რესურსს ვუთმობთ. როცა ექვსი წელია ბაზარზე ხარ და 1500-ზე მეტი პარტნიორი კომპანია გყავს, იქ აუცილებლად იჩენს თავს გარკვეული რაოდენობა კომპანიებისა, რომლებიც თვითნებურად არღვევენ შეთანხმებულ პირობებს და ამას ჩვენ მომხმარებლების მეშვეობით ვიგებთ. სამწუხაროდ, ყოფილა პრეცედენტები უხარისხო მომსახურების, ცდილობენ შემოგვაპარონ შიდა ფასდაკლებები, რაც ჩვენთვის ყოვლად დაუშვებელია, რადგან სანდოობა ჩვენი პრიორიტეტია. ოპერატიულად ვცდილობთ აღმოვფხვრათ პრობლემები და მომხმარებელი არ დავტოვოთ უკმაყოფილო. ამის გამო დამატებით მონიტორინგის სამსახური შევქმენით, რომელიც ახდენს პრევენციას მსგავსი და სხვა ტიპის დარღვევებზე. ხშირად ვატარებთ მომხმარებლის გამოკითხვას, რის მეშვეობითაც ვიგებთ კომპანიების მომსახურების ხარისხს. ჩვენი ქოლ-ცენტრი მუდამ მომხმარებლის სამსახურშია და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში შეუძლიათ დაგვირეკონ. გვქონია შემთხვევები, როცა კომპანიასთან ხელშეკრულება შეგვიწყვეტია, რადგან ჩვენთვის მომხმარებელი ამოსავალი წერტილია და მისი უკმაყოფილება პირდაპირ ჩვენ იმიჯზე აისახება. 

– წლებია ფასდაკლების საიტები ერთი მიმართულებით მუშაობენ და არაფერი შეცვლილა. თქვენ რა სიახლეებს გეგმავთ სამომავლოდ და რას ჰპირდებით თქვენ მომხმარებლებს?

— მინდა გითხრათ, იმის გარდა, რომ Hotsale.ge ლიდერი კომპანიაა ფასდაკლებების სივრცეში, ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. არაერთი საინტერესო და გასართობი პროექტი შევთავაზეთ ჩვენ მომხმარებელს, ამას გარდა ხშირად ვაკეთებთ გათამაშებებს და, საერთოდ, ძალიან გვიყვარს საჩუქრების დარიგება და მომხმარებლის გახარება.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, სულ რამდენიმე ხანში წარვდგებით სრულიად ახალი საიტით, რომელიც კიდევ უფრო გამარტივებული და მორგებული იქნება მომხმარებელზე. ახალ საიტზე მუშაობს კომპანია „ლივინგსტოუნი“ და აქ უკვე ყველაფერია ნათქვამი. გარკვეული სიახლეები იგეგმება, თუმცა წინასწარი ანონსისგან თავს შევიკავებ. გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე თვეა, სატესტო რეჟიმში საიტზე დავამატეთ ახალი მიმართულება – საკვების ადგილზე მიტანის სერვისი, ეს ცალკე დამოუკიდებელი მიმართულება და საიტი იქნება. ამჟამად ამ მიმართულების ოპტიმიზაციის პროცესში ვართ და ახალ საიტზე უკვე დასრულებული სახით გაეშვება. ასე რომ, ჩვენ ათასობით ერთგულ მომხმარებელს საინტერესო სიახლეები ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0