თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
პიანისტის დაჯილდოება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გახსნაზე, ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. წელს ფესტივალის დამაარსებელი, ელისო ვირსალაძე შემოქმედებითი საქმიანობის 55 წლისთავს აღნიშნავს.
„სწორედ ასეთი ინდივიდები აძლიერებდნენ ერს და ჩვენ დღეს გვაქვს ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ემსახურო შენს ხალხსა და საზოგადოებას. მისი ღვაწლი დასაფასებელია იმისათვისაც, თუ როგორ დაუბრუნა ქალბატონმა ელისომ თავისი ცოდნა და პროფესიონალიზმი სამშობლოს. მინდა ამისათვის უდიდესი მადლიერება გამოვხატო", — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობილ პიანისტს სახელმწიფო ჯილდო ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა.
14 სექტემბერს ცნობილმა ქართველმა პიანისტმა და ბრწყინვალე პედაგოგმა ელისო ვირსალაძემ 75 წლის იუბილე აღნიშნა. ვირსალაძის დახვეწილმა ტალანტმა ის გამოჩენილი არტისტად აქცია. ელისოს ამ დროის საუკეთესო პიანისტ ქალსაც უწოდებენ.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ელისო ვირსალაძემ XX საუკუნის 80-იან წლებში სახელწოდებით „ქება ვაზისა" დააფუძნა. ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე მას ანალოგი არ გააჩნდა და განთქმული იყო მონაწილეების შემადგენლობით, მასშტაბითა და ფორმატით. 2010 წელს, 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ფესტივალის ჩატარების ტრადიცია აღდგა და იმ დროიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტელავში ყოველწლიურად ტარდება.
წელს ფესტივალი სახელმწიფო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში მიმდინარეობს. ფესტივალი 7 ოქტომბერს გაიხსნა და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.