თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. „ევროპული საქართველოს" თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„ევროპული საქართველოს" თელავის მერობის კანდიდატის ლელა მენთეშაშვილის მტკიცებით, პარტიის წევრ ნოდარ ეჟიშვილს, რომელიც თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, უცნობი პირი იარაღით დაემუქრა.
„პარტიის ოფისის გარეთ იყო ხმამაღალი საუბარი და მუქარა. მომხდარის შესახებ პარტიის წევრებმა სამართალდამცავებს შეატყობინეს. მათ უცნობის ავტომობილის სერია და ნომრები ჩაწერილი აქვთ", — განაცხადა მენთეშაშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით ოპერატიულად დადგინდა პირის ვინაობა. მისი პირადი ჩხრეკისას კი სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით სათამაშო იარაღი ამოიღეს.
აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით („მუქარა").
ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.