თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ცეკვის ცნობილი თურქული ანსამბლი „ანატოლიის ცეხლი" (Anadolu Ateşi) თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში 16 და 17 დეკემბერს წარდგება.
ანსამბლი 120 მოცეკვავეს აერთიანებს. მისი წარმოდგენები მსოფლიოს 97 ქვეყანაში გაიმართა. დღემდე ეს შოუ 40 მილონმა მაყურებელმა ნახა.
უკვე რამდენიმე წელია თურქული კოლექტივი ინარჩუნებს გინესის ორ რეკორდს: პირველი — 241 საცეკვაო ილეთისგან შექმნილი ყველაზე სწრაფი ერთწუთიანი ნომერი და მეორე — ყველაზე დიდი, 400 000 მაყურებლის აუდიტორიის წინაშე გამართული კონცერტი ერეგლიში (თურქეთი). ანსამბლის ხელმძღვანელია მუსტაფა ერდოღანი.
დიდი საცეკვაო ჯგუფის კონცეფცია, რომელიც ანატოლიის ცეკვებს, თანამედროვე ცეკვასა და ბალეტს შეასრულებდა, მუსტაფა ერდოღანის დიდი ხნის ოცნება იყო. ერდოღანი ხელმძღვანელობდა ხალხური ცეკვის სტუდიას ბილკენტის უნივერსიტეტში (ანკარა). 1999 წელს მან ჩაუყარა საფუძველი ჯგუფს, რომელიც მოგვიანებით „ცეკვის სულთნების" (Sultans of the Dance) სახელით გამოდიოდა.
მოცეკვავეების მიღების შესახებ განცხადებას, რომელიც ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა, 750 ადამიანი გამოეხმაურა. მუსტაფამ 90 ადამიანი შეარჩია, რომლებმაც საკუთარ ფიზიკურ და საცეკვაო შესაძლებლობაზე მუშაობა მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ დაიწყეს. კოლექტივის პირველი წარმოდგენა 2001 წელს გაიმართა და ერთი წლის შემდეგ მსოფლიო საგასტროლო ტური სახელწოდებით "ანატოლიის ცეხლი" დაიწყო.
„ანატოლიის ცეხლმა" მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოედნები დაიპყრო — ევროვიზია, ფორმულა-1-ის გახსნა, კრემლი, „მედისონ-სკვერ გარდენი".
ამჟამად ანსამბლი წარმოადგენს შოუს: "ანატოლიის ცეცხლი" — თურქეთის ხალხთა ცეკვა, „ტროა" — ცეკვის ენის საშუალებით გადმოცემული ჰომეროსის უკვდავი პოემა და "აღმოსავლეთის კარიბჭე" — ცეკვაში ასახული ერზურუმის ისტორია. შოუებში წარმოდგენილია სოლო ნომრები, მასობრივი დრამატული სცენები, „გაცოცხლებული " დეკორაციები, ძველი ლეგენდების დეკლამაცია და ა.შ.
თბილისში „თურქული კოლექტივი წარადგენს საკუთარ საკულტო პროგრამას „ანატოლიის ცეცხლი".
„შოუ „ანატოლიის ცეცხლი" საქართველოში პირველად არ ჩამოდის. ეს მორიგი საჩუქარია ყველა იმ თაყვანისმცემლისთვის, ვისაც მასშტაბური გასართობი სანახაობა უყვარს. ამ წელს გასტროლები დაკავშირებულია თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის საიუბილეო თარიღთან", — ნათქვამია ორგანიზატორთა განხცადებაში.
„ანატოლიის ცეცხლის" კონცერტები თბილისში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.