თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისობასთან“ დაკავშირებულ ღონიძიებებს წელს უცხოელი სტუმრების უპრეცედენტო რაოდენობა დაესწრება, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „იმედის“ (Imedi) ეთერში.
თბილისელების ერთ-ერთ უსაყვარლეს დღესასწაულს ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ესწრება. წელს „თბილისობა“ 7-8 ოქტომბერს იმართება.
„წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით სტუმრებს ველოდებით, რომლებიც სხვადასხვა ტურისტული კომპანიების მეშვეობით ჩამოვიდნენ. ასევე ჩვენი დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქებიდან 50 სტუმარი გვყავს“, — განაცხადა ნარმანიამ.
ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ წელს „თბილისობა“ დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაჯდება.
იხილეთ ასევე „თბილისობა“ ნიუ-იორკში, ანუ ქართული ფარიკაობა, ფელამუში და ჩურჩხელა Wolfe's pond park-ში >>
ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში — „ახალ ტფილისში", რიყის პარკში, ევროპის მოედანზე და ლეღვთახევშია დაგეგმილი. ქალაქის ისტორიულ ცენტრში საავტომობილო ტრანსპორტისთვის ბევრი ქუჩა გადაკეტილია.
„თბილისობა" 2017 წელს 38-ედ აღინიშნება. პირველად იგი 1979 წელს იზეიმეს. ღონისძიების ინიციატორი ცნობილი ქართველო მოგზაური, ეთნოგრაფი და ჟურნალისტი გვანჯი მანიაა. საქართველოში 1989-1994 წლებში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო, „თბილისობას" არ აღნიშნავდნენ. თუმცა, 1995 წლიდან დღესასწაული აღდგა.