თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (თოდუას კლინიკის) დირექტორმა გიორგი წივწივაძემ განუცხადა. მისი თქმით, ფრიდონ თოდუა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ფრიდონ თოდუა 73 წლის იყო. ის ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი, ასევე, საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორთა საბჭოს, ჯანმრთელობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს, სამედიცინო ეთიკის და სხვა მრავალი საბჭოსა და კომისიის წევრი იყო. დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით. იყო საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი.