თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ისტორიული ცენტრი ორი დღით სადღესასწაულო ბაზრობად იქცა — ქალაქი კვლავ საკუთარ დღეობას „თბილისობას“ აღნიშნავს.
„თბილისობა" 2017 წელს 38-ედ აღინიშნება. პირველად იგი 1979 წელს იზეიმეს. ღონისძიების ინიციატორი ცნობილი ქართველო მოგზაური, ეთნოგრაფი და ჟურნალისტი გვანჯი მანიაა. საქართველოში 1989-1994 წლებში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო, „თბილისობას" არ აღნიშნავდნენ. თუმცა, 1995 წლიდან დღესასწაული აღდგა.
წელსაც „თბილოსბა“ ტრადიციებს არ ღალატობს. ქალაქის ცენტრში სოფლის ნობათის ბაზრობები, ღვინის დეგუსტაცია, კულინარული ფესტივალი და კონცერტები გაიმართება. ასევე ტრადიციულად ამ დღეს თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ.
ტრადიციულ ღონისძიებებს წელს ახლებიც დაემატა — „ხილის ფესტივალი“, „საკონდიტრო ფესტივალი“, „ფრანების გამოფენა“.
ამინდი
შაბათ-კვირას მზიანი და თბილი ამინდი იქნება.
შაბათს დღისით 21 გრადუსი სითბო იქნება, კვირას — 24 გრადუსი.
თუმცა გვიან საღამოს აცივდება. შაბათ ღამით ტემპერატურა 8 გრადუსამდე დაეცემა, კვირას — 10-მდე.
სატრანსპორტო შეზღუდვები
„თბილისობის“ დღეებში ქალაქის ისტორიული ცენტრი გადაკეთილი იქნება.
ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება ვახტანგ გორგასლის მოედანზე, ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, მეტეხის ხიდიდან ჰეიდარ ალიევის სკვერამდე.
გადაიკეტება ევროპის მოედანი, ღვინის აღმართი, ხოლო მეტეხის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ევროპის მოედნამდე.
მოძრაობა სრულად აიკრძალება მარცხენა სანაპიროზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. პანდუსიდან ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ორ რიგად იმოძრავებენ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.
მოძრაობა აიკრძალება ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით, ასევე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე — აბანოთუბნის მიმართულებით.
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ავლაბრის მოედანზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე და მიმდებარე ქუჩებზე.
