თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. კინო და ტელეოპერატორების VII საერთაშორისო ფესტივალზე Golden Eye, რომელიც თბილისში 1-2 ოქტომბერს გაიმართა, კინოსა და ტელევიზიის საუკეთესო ოპერატორები გამოავლინეს.
დაჯილდოების ცერემონია Tbilisi Event Hall-ში გაიმართა.
ნომინაციაში „საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი" ჩეხურმა ფილმმა Approaching გაიმარჯვა. საუკეთესო კინოოპერატორად დასახელდა კანადელი ლუი პალუ ფილმ Road through War-ზე მუშაობისთვის. „საუკეთესო სატელევიზიო ოპერატორის" ტიტული კი ესპანელ დევიდ მუნიოსს ფილმისთვის Hide and Seek გადაეცა.
ქართულ დოკუმენტალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი რეჟისორმა და ოპერატორმა კახაბერ ბუხრაშვილმა მიიღო, მედიახელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის კი დავით ლომსაძემ.
სატელევიზო სფეროში საინტერესო პროექტების შექმნისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცათ რეჟისორებს დემნა ჯაფარიძესა და გიორგი ხაბურზანიას.
გამარჯვებულთა სრული სია ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„ეს საერთაშორისო დონის ფესტივალია, ის ვითარდება და ფართოვდება. ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ამ სახის ფესტივალები არცთუ ბევრია, სადაც სამართლიანად ფასდება და აღინიშნება ადამიანების ოსტატობა, მათი პროფესიონალიზმი და ხელოვნება, მათ შორის, რისკი. ვთვლი, რომ ეს სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც დღეს კინოს სჭირდება", — განაცხადა დაჯილდოების ცერემონიაზე ცნობილმა რეჟისორმა, საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის წარმომადგენელმა გიორგი ოვაშვილმა.
ფესტივალზე საკონკურსო ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ — ჯორჯ ლეკლერი, პრემია „ემის" ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად ის ახალი კონცეფციის ფესტივალის The Cooking Médias Show-ს მარკეტინგისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსია; ბეტინა ბრინკმანი, ბიზნესისა და ღონისძიებების განვითარების მენეჯერი, ამჟამად მუშაობს სხვადასხვა მედია-კომპანიასა და ორგანიზაციაში პროდიუსერისა და კონსულტანტის პოზიციაზე; ელენა სიბირიაკოვა, ჯგუფ Rost-ის პარტნიორი, მასობრივი კომუნიკაციების ექსპერტი, უკრაინული კლუბ ASPEN-ის წევრი და CIPR-ის საპატიო წარმომადგენელი.
ფესტივალის საგანმანათლებლო კომპონენტში გაიმართა სხვადასხვა სემინარები, Golden Eye 2017-ის სპიკერებს შორის იყვნენ — დავით ბარბაქაძე („თანამედროვე ტელევიზიის გამოწვევები"), სანდრო ვახტანგოვი („ვიდეოარტი"), ჯორჯ ლეკლერი, ბეტინა ბრინკმანი, ელენა სიბირიაკოვა („თანამედროვე გამოსახულება").
გარდა ამისა, ძირითადი კონკურსის პარალელურად, ფესტივალზე გაიმართა მაუწყებლობის ტექნიკისა და სატელევიზიო პროდუქციის ორი საერთაშორისო გამოფენა.