თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. გადაუღებელი წვიმების შედეგად დაბა ურეკში ოთხი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაიტბორა, ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები. მოსახლეობას ელექტროენერგია უპრობლემოდ მიეწოდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფება ოზურგეთის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშიძე და სხვა ოპეციალისტები.
სტიქიის შედეგად პრობლემები შეექმნა ქალაქ ქობულეთის მოსახლეობასაც. ძლიერმა წვიმამ ორი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რომელთა მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ, ნათქვამია ქობულეთის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია სოფელ ქობულეთის, ლეღვასა და ხალას სოფლებში. ქობულეთში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბია შექმნილი. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ინტენსიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა, რომლებზეც მეწყერი ჩამოწვა.