თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია სიტუაცია თბილისის მერიასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და პარტიის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს, იუწყება ტელეარხი „რუსთავი2“.
ტელეარხის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს, მაგრამ სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ახლა მთელ პერიმეტრს აკონტროლებენ.
მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამახური იცავს და „ნაციონალური მოძარობის" წევრებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ და მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.
შეგახსენებთ: გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.