თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზასთან შეხვედრა ლისაბონში გამართა, ნათქვამია პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარგველაშვილისა და რებელოს შორის ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში — ლისაბონში ბელემის სასახლეში გაიმართა.
პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები ორმხრივ და გაფართოებულ ფორმატში გამართეს. შეხვედრის დროს გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების გააქტიურებისთვის ახალი სტიმული იქნება.
მარგველაშვილმა და რებელო დე სოუზამ ასევე განიხილეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი) არსებული ვითარება.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, მარგველაშვილმა აღნიშნულ საკითხში პორტუგალიის მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ნატოს მომავალ სამიტს, რომელიც ბრიუსელში 2018 წელს გაიმართება.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან — პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პორტუგალიაში საქართველოს ელჩი რევაზ ბეშიძე და პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.
ოფიციალურ შეხვედრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა შამპალიმოს სამეცნიერო ფონდს, რომელიც ნეიროლოგიის, ონკოლოგიისა და კარდიოლოგიის სფეროში სამედიცინო კვლევების მიმართულებებით მუშაობს.
გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ლისაბონის გრასას მონასტერში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანოს გახსნის ცერემონიაში. ვიზიტი სამშაბათს, 3 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველოსა და პორტუგალიას შორის ორმხრივი ურთიერთობები 2010 წელს დამყარდა, როდესაც ლისაბონში საქართველოს საელჩო გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაიხსნა პორტუგალიური კულტურის ცენტრი, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში იმართება ფესტივალები, გამოფენები, კონფერენციები და კინოჩვენებები.