„ნუ მოჰპარავთ ერთმანეთს კუბოს სახურავს“

© Library of Georgiaგოდერძი ჩოხელი და ჯემალ კასრაძე
გოდერძი ჩოხელი და ჯემალ კასრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა.

63 წლის წინ დაიბადა გოდერძი ჩოხელი, 10 წელი სრულდება მისი გარდაცვალებიდან. ყველაზე მთავარი მერე დაიწყო. რა ბედი ელის ხელოვანს? განვლილმა 10 წელმა გვაჩვენა, რომ არათუ დაიკარგა ინტერესი გოდერძი ჩოხელის მიმართ, არათუ გაქრა მისი სახელი ლიტერატურის ისტორიიდან, არამედ, პირიქით — გამძაფრდა მონატრება და მწერალთან შეხვედრის სურვილი ქართველ მკითხველში, მისი ფილმების მიმართ სიყვარული — მაყურებელში. უკვდავების საბუთად უკეთეს არგუმენტს ვერ მოიხმობს კაცი! 

© Library of Georgiaგოდერძი ჩოხელი შვილთან ერთად
გოდერძი ჩოხელი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გოდერძი ჩოხელი შვილთან ერთად

მაინც რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, ვინ იყო რეალურად გოდერძი ჩოხელი?— ამაზე პასუხს მომავალი გაგვცემს. დღეს კი ჩვენ, ის ადამიანები, რომლებიც მას პირადად ვიცნობდით, ვიგონებთ ყველაფერს, რაც კი მეხსიერებას შემოუნახავს. უფრო ვრცლად მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ სხვა დროს ვიტყვით, ახლა კი შემოგთავაზებთ ფრაგმენტს ჩვენი ერთი საუბრისას, რომელიც 1997 წელს გამიართა. მაშინ გოდერძიმ ტყუილების ქვეყანა დაარქვა იმ ეპოქას, იმ დროს, რომელშიც ცხოვრობდა. ჩემს შეკითხვას, რა მიაჩნდა ქართველი ერის ყველაზე დიდ გასაჭირად, ასე უპასუხა:

„დღეს ქართველი ერის ყველაზე დიდი გასაჭირი ის არის, რომ მან დაკარგა სულიერი სიმართლე და, ამასთან ერთად, ძალიან დიდი ტერიტორია. სხვა ქვეყნებისთვის „ძალიან დიდი ტერიტორია“ შეიძლება მიწის მცირე ნაგლეჯი იყოს, მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს არ არის მხოლოდ დაკარგული მიწა, ეს არის დაკარგული ისტორია, დაკარგული წინაპრები, დაკარგული რწმენა და, ამასთან ერთად, დაკარგული ეროვნული სიამაყე. დღევანდელი საქართველო ჰგავს უსულო ფიტულს, რომელიც თავისი უსუსურობით ისევ თავის თავს აფრთხობს. ჩვენმა მტრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ქართველი ერი სულიერად დაშლილიყო, დაშინებულიყო, ფიზიკურად გამოფიტულიყო, გაჩენილიყო არასრულფასოვნების კომპლექსი: „ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ხომ არაფერი შეგვიძლია, ჩვენ ხომ არაფერი ჩვენი არა გვაქვს და, მოდი, მეტად ნუღარ გავაბრაზებთ ჩვენს მაწვალებელს“. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვქმნით ქვეყანას, ქვეყანას, რომელსაც ათასი ტყუილით თავგზა აქვს აბნეული და აღარ შესწევს ძალა, დაადგეს იმ გზას, რომელი გზაც თავის სულიერ მისიას აპოვნინებს“. 

© Library of Georgiaგოდერძი ჩოხელი მეუღლესთან და შვილთან ერთად
გოდერძი ჩოხელი მეუღლესთან და შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გოდერძი ჩოხელი მეუღლესთან და შვილთან ერთად

ამის შემდეგ საუბარი ჩამოვაგდე მეოცე საუკუნის მიწურულის ქართულ მწერლობაზე, თანამედროვე მწერლის სახეზე. თვალებში სხივი ჩაუდგა მწერალს და თქვა:

„მეოცე საუკუნის მიწურულის ქართული მწერლობა მაგონებს იმ სანთელს, რომელიც სალოცავის სამანზეა მიკრული და, მიუხედავად ჭექა-ქუხილისა, მიუხედავად ირგვლივ ატეხილი ქარიშხლისა, მაინც ლიცლიცებს და სრულად თუ ვერა, ოდნავ მაინც ანათებს გარეშემოს და ეს ოდნავი ნათება არის ნიშანი იმისა, რომ ქართული მწერლობა ძალას იკრებს და ქარიშხლის მერე სრული ნათებით გამოანათებს!“

საუბრის ბოლოს ისიც ვკითხე, საშუალება რომ გქონდეთ მთელ სამყაროს მიმართოთ, იმ ერთს რას ეტყოდით-მეთქი:

„ქართველებო, გიყვარდეთ ერთმანეთი! ნუ აღზევდებით ერთმანეთზე, ერთმანეთის გაჭირვებაზე ნუ გამდიდრდებით, ნუ მოჰპარავთ ერთმანეთს კუბოს სახურავს, — ამით ხომ, პირველ რიგში, თქვენივე თავს ართმევთ ღვთის წინაშე ადამიანად ყოფნის უფლებას; ნუ მოსტაცებთ გამოსასყიდის მიზნით ერთმანეთს შვილებს. ჩემო ლამაზო და საყვარელო ქართველებო, ერთი ხელის დაკვრით ნუ უღალატებთ მამა-პაპათა რწმენას; როგორმე აქ გაძელით, ნუ გარბიხართ უცხო ქვეყნებში, ისედაც ცოტანი ვართ და უფრო ცოტანი რომ დავრჩებით, უფრო მოგვერევიან მტრები. ხოლო ვინც აქ ხართ და არსად გარბიხართ, ნუ იქნებით მოღალატენი, ნუ ჩადგებით უცხო ქვეყნის საიდუმლო სამსახურებში, საკუთარ მძინარე დედას ნუ ჩაარტყამთ ზურგში მახვილს… ქართველებო, ნუ შეჭამთ საკუთარი ძმის ხორცს, ნუ გამოხრავთ ჩვენი წინაპრების ძვლებსა და ნუ მიემსგავსებით მითოლოგიურ ეშმაკს, რომელიც ცდილობს საშოშივე ჩაუკლას მომავალ ქართველს არსებობის უფლება. 

ქართველებო, გიყვარდეთ ერთმანეთი! ამას მე, ერთი თქვენგანი, ერთი თქვენნაირი ქართველი გეუბნებით, კი არ გეუბნებით, გთხოვთ!

კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა, მე კი ათასჯერ ვიტყვი და გთხოვთ ამას!!!“

ჩვენი ამ საუბრიდან 20 წელი გავიდა! თითქოს ირგვლივ არაფერი შეცვლილა… რას იზამ, ასეთია ულმობელი დრო და მეც, ამ დროის შვილი, იმავეს გთხოვთ, რასაც გოდერძი გვემუდარებოდა: შევიყვაროთ ერთმანეთი! 

ვითომ ასე ძნელია?!

 

ყველა ახალი ამბავი
0