თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის მერიასთან გამართული აქციის დროს სამი ადამიანი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის წინ დაიწყო. აქციის წევრები თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს სიმბოლურ ფასად — 1 ლარი — პუშკინის სკვერი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადასცა.
„ჩვენ, საკრებულოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები აქ მოვედით და გვინდა ადმინისტრაციულ ორგანოში შევიდეთ, ამისათვის კი ხალხს ძალისმიერი მეთოდებით ფიზიკურად გაუსწორდნენ… საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდეს, რომ თავის თავს აყენებენ ზიანს. შეუძლებელია, რომ ამას თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეეგუოს“, — განაცხადა ტელეკომპანია Rustavi2-თან საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ნიკა მელიამ.
ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულებს რაში ედებათ ბრალი.
ვითარება თბილისის მერიასთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქალაქის მერ დავით ნარმანიას შეხვედრისთვის ოპოზიციის მიერ მიცემული ნახევარსაათიანი ულტიმატუმის დრო გავიდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და სამართალდამცველების მიერ რამდენიმე ადამიანის ცემის ფაქტზე საუბრობს.
ამ ეტაპზე შარტავას ქუჩაზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა, მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ.