თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თუშმა ფერმერმა კახა აბულიძე იტალიის ქალაქ ბრაში ყველის საერთაშორისო პრესტიჟულ ფესტივალში The State of the raw milk გაიმარჯვა.
ფესტივალის ჟიურის 22 წლის ფერმერმა წარუდგინა ტრადიციული თუშური გუდის ყველი, რომელსაც მის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ "ალაზნისთავში" აწარმოებენ.
ყველის ფესტივალს ავტორიტეტული საზოგადოებრივი მოძრაობა Slow Food ატარებს, რომელიც სწრაფი კვების სისტემის წინააღმდეგ გამოდის. ფესტივალი 20 წლის წინ დაარსდა. კომპეტენტური ჟიური ავლენს საკუთარი რეგიონის ტრადიციების დაცვით, ნატურალური პროდუქტებით დამზადებული ყველის საუკეთესო მწარმოებლებს.
თუშური გუდის ყველი ჩართულია ორგანიზაცია Slow Food-ის ელექტრონულ კატალოგში "გემოს კიდობანი", რომელშიც მოცემულია მთელი პლანეტის გადაშენების პირას არსებული პროდუქტები.
"ამ ტრადიციულ ყველს თუშეთიდან აწარმოებენ ცხვრის ან ძროხის რძისგან ან მათი ნაზავისგან. გუდის ყველის დამზადების პროცესი მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია. მის მომზადებას სულ ცოტა 60 დღე სჭირდება ცხვრის ან ძროხის ტყავისგან დამზადებულ ტომარაში, რომლის გაპარსული მხარე ტომრის შიგნითაა მოქცეული", — ნათქვამია ფესტივალის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
კოოპერატივი "ალაზნისთავი" 2015 წელს შეიქმნა. ფერმა ზღვის დონიდან 2100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ამჟამად "ალაზნისთავი" ამზადებს გუდის ყველს, "სვილობს", "ლართუშოს", "დოვნასა" და "ჩოგს".
წელს ფესტივალზე ასევე გაიმარჯვეს ფერმერებმა იტალიიდან, აშშ-იდან და კაბო-ვერდეს რესპუბლიკიდან.