თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, ეკლესიის ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული, იუწება ტელეკომპოანია „იმედი".
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეკლესიის ეზოში მათ წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმა სურდათ, თუმცა, პოლიციამ ეკლესიის ეზოში ისინი არ შეუშვა. ამის შემდეგ კი სპეცრაზმი გამოიძახეს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის ინფორმაციით, სოფელ კუმურდოში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უკვე ჩავიდა.
ადგილობრივებსა და პოლიციას შორის მოხდა ჩხუბი. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა მოსახლეობამ ჯვრის დადგმა 4 ოქტომბერს შეძლონ.
გავრცელებული ინფორმაციით, კუმურდოში, მეათე საუკუნის ეკლესიის რესტავრაცია 2016 წლის ზაფულში დაიწყო. რესტავრაციის დროს, ეკლესიის ეზოში ადამიანის ძვლები იპოვეს. მოგვიანებით, ადგილობრივების მოთხოვნის შემდეგ, ძვლები ეზოში დაკრძალეს. ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.