დღეს დიდი ქართველის დაბადების დღეა. ადამიანისა, რომელმაც 86 წელი ბობოქარი, ულამაზესი ცხოვრებით იცხოვრა. კაცი, რომელიც ასე ლაღად და მარტივად მიმართავდა უფალს: „მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი, მევალისათვის მიმატანინე ვალი, გზააბნეულისთვის მასწავლებინე გზები, შეუწამლავი შემაწამვლინე ზვრები…. მერე… წამოვალ, წამოვალ, საცა გინდა".
და „მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი".
და რომელმაც მრავალი ქართველის ნაფიქრი ამოთქვა — რომ თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია.
დიახ, 30 სექტემბერს, 1931 წელს, ლეჩხუმის ულამაზეს სოფელ სურმუშში დაიბადა ჯანსუღ ჩარკვიანი. პოეტი, რომლის ლექსებსაც პირდაპირ მღერიან, კაცი, რომელსაც რიონივით მიჰქონდა ეს ცხოვრება, მოდიდდებოდა, მოზვავდებოდა, კაცი, რომელმაც გალაკტიონ ტაბიძეს ჯერ კიდევ ათი წლისა იცნობდა და მასთან საოცარი ისტორია აკავშირებს. გალაკტიონი რომ მოკვდა, კუბოდან მისი სავარცხელი ამოვიღე და ჩემი ჩავუდეო, მოიგონებს მოგვიანებით ჯანსუღ ჩარკვიანი.
ულამაზეს ლექსებს წერდა და, მიუხედავად იმისა, რომ პირველი დაბადების დღეა, როცა მას საწოლში ხვდება, როცა ნახულობს სიზმრებს, არაამქვეყნიურს, მის ოჯახს და ახლობლებს იმედი აქვთ, რომ ისევ დაწერს, ისევ დასცინებს წუთისოფლის ამაოებას, მოილხენს ისე ლამაზად, როგორც სახელგანთქმულ თამადას შვენოდა და ლექსებით გადაიტანს სიხარულსა და მწუხარებას. არის პოეტი, საზოგადო მიღვაწე, მრავალ პოლიტიკურ ქარტეხილში გამოვლილი, იყო დეპუტატი, ედუარდ შევარდნაძის მეგობარი და ადამიანი, რომელმაც ხელი არ მოაწერა თვითმფრინავის ბიჭების დახვრეტას, ადამიანი, რომელიც გადაეფარა ზვიად გამსახურდიას და რომელიც ბევრჯერ გადაურჩა გაციმბირებას „ცისკარში" დაბეჭდილი ანტისაბჭოთა მასალებისა და რომანების გამო. რომ არა ჯანსუღი, არავინ იცის, როდის იხილავდა მზის სინათლეს „დათა თუთაშხია" და „თვალი პატიოსანი", ვინ გარისკავდა, მხარი არ დაეჭირა ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვისათვის, მოადგილედ დაენიშნა გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული ოტია პაჭკორია.
კულტურის პალატამ მას ვაჟიშვილთან, მამუკა ჩარკვიანთან ერთად ორი წლის წინათ გაუხსნა ვარკვლავი ფილარმონიის წინ. და ამ დიდებული ლეჩხუმში დაბადებული და ვერაზე გაზრდილი კაცის შესახებ ბევრი ამბის გახსენება შეიძლება, მაგრამ დღეს მისი დედისა და ჯანსუღის მისტიური დაბადების ისტორია გვინდა, გიამბოთ. ისტორია, რომელიც ჯანსუღ ჩარკვიანის ძმის, ჯიმის შვილმა, მაკა ჩარკვიანმა პისტი გელოვანის სურათთან ერთად დღეს გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
"ლუიზა და ჯიმი ჩარკვიანები — სამივე 30 სექტემბერს არიან დაბადებული და სანამ მივულოცავდე მათ, პატარა ექსკურსი მინდა გავაკეთო ჩემი ფბ მეგობრებისთვის. მართლაც უცნაურია, ჯერ ჯანსუღი, ბიძაჩემი დაიბადა… ორი წლის მერე — მამიდაჩემი და კიდევ სამი წლის შემდეგ — მამაჩემი, სამივე — 30 სექტემბერს….
როცა სულ პატარა ვიყავი, საშინლად მომწონდა ეს ისტორია… რომ წამოვიზარდე, ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით შევხედე ამ ამბავს, მაგრამ ერთი ძალიან ხელმოსაკიდი დასტური ამ ამბის უტყუარობისა ბებიაჩემი იყო, პისტი გელოვანი — ქალი, რომელსაც არ შეეძლო ტყუილის თქმა.. აქ არაფერ შუაში იყო მორალი, ის უბრალოდ, ვერ სწვდებოდა ან ვერ აღიქვამდა ტყუილის არსს. ამდენად, არც სხვის უწყინარ ტყუილზე შეეძლო ხმის არ ამოღება. რამდენჯერ „გაუფუჭებია" ბაბუაჩემის ლამაზად შეკოწიწებული და მოსაყოლად გამზადებული ისტორიები. „არა, ასე არ იყოო", იტყოდა, „ბეჩასაც" დააყოლებდა და მერე მოყვებოდა ამას ოჯახური კამათი — ასე იყო სულ, მთელი ცხოვრება… სიმღერაშიც მართალი იყო — საოცრად მღეროდა, ულამაზესი ხმა ჰქონდა და თან ერთ ბგერას არ მოიტყუებოდა:). სხვათა შორის, ჯანსუღი გავს ბებოს, ბევრი რამით, მაგრამ, ყველაზე მეტად, ტყუილის ვერ თქმით — არც მას შეუძლია.
ჰოდა, იმას ვამბობდი, თავად ბებიაჩემი და მისი სიმართლის თქმის აკვიატებული მოთხოვნილება იყო უტყუარი დასტური მისი შვილების ერთ დღეს დაბადების ამბისა — ის არ და ვერ მოიტყუებოდა:)
მერე, ხანი გამოხდა და მგონი ბებო აღარც იყო, ჯანსუღმა ეს ამბავი პატრიარქს რომ მოუყვა. პატრიარქს რაღაც ენიშნა და მხოლოდ ლამაზ ამბად კი არ დაიტოვა, არამედ საეკლესიო კალენდარს ჩახედა, მეტი დამაჯერებლობისთვის და, ჰოი, საოცრებავ:), აღმოჩნდა, რომ 30 სექტემბერი მოწამე პისტის, კიდევ სხვა მოწამეთა და, მათ შორის, მოწამე აღათოკლიანის ხსენების დღე ყოფილა… პისტი ხომ ბებოს ერქვა და მისი სახელობის დღე ყოფილა, მაგრამ გარდა ამისა, კიდევ აღათოკლიანი!!! საქმე ისაა, რომ ბებიაჩემის ბებიაქალს, მეანს აღათი ერქვა…
ჰო, მართლაც ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი, არა?", — წერს მაკა ჩარკვიანი და პისტი გელოვანის და მისი ოჯახის ფოტოს აქვეყნებს საოჯახო არქივიდან.
„ავდგები და ბებოს თავადური პატარაობის სურათს დავდებ, მას მართლაც ბავშვურად და, ამავე დროს, თავადური ღირსებით უყვარდა სიმართლე! ამ ფოტოზე პატარა ქალღმერთს გავს, პატარა მითოლოგიურ პერსონაჟს, თავისი ატრიბუტებით — სათამაშო დათვი და კალათა უჭირავს და თითქოს შუბლზე აწერია თავისი სამი შვილის სახელი და მათი დაბადების თარიღი. დღეს მისი დღეა, ტყუილის უარმყოფელი ქალის დღე. ვულოცავ და ამ ლამაზ, მაგრამ რთულ დღეს მის მართალ ნებას მივყვები".
ჩვენ გვინდა, უბადლო პოეტსა და დიდ ქართველს გამოჯანმრთელება ვუსურვოთ, რომ დიდხანს, დიდხანს, გულიდან ამოხეთქილი ლექსებით და უცნაური კალამბურებით გაალამაზოს ჩვენი ყოველდღიურობა.