„დღეს არსებული მდგომარეობით, ერთი ტონა ბენზინი 578 დოლარი ღირს, არსებული გაცვლითი კურსით თუ ვიანგარიშებთ, ერთი ტონა ბენზინის ფასი 1433 ლარს შეადგენს. ამ თანხას, ცხადია, ემატება გაზრდილი აქციზის გადასახადი, დღგ და ტრანსპორტირების ხარჯები, რაც ყველა კომპანიისთვის განსხვავებულია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დღეს ერთი ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი 1,74 ლარს არ აღემატება. ეს მაშინ, როდესაც საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 2,45 ლარს აღწევს“– განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ საცალო ქსელში კომპანიებს დამატებითი ხარჯიც აქვთ, თუმცა როდესაც საცალო ქსელსა და საბითუმო ფასს შორის რიგ შემთხვევებში 0,71-ლარიანი სხვაობა გვხვდება, ძნელია რაიმე დამატებით ხარჯებს დავაბრალოთ.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) საწვავის ბაზრის კვლევას ახორციელებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.