თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იურიდიული დახმარების სამსახურს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული პროგრესი მიულოცა.
ხუთშაბათს კობახიძე დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების შესახებ თბილისის ორდღიანი რეგიონული კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
„მოხარული ვართ, რომ საქართველო მასპინძლობს ამ ძალიან მაღალი დონის რეგიონულ კონფერენციას იურიდიული დახმარების საკითხების შესახებ. სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა. მე ვამაყობ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში თვისობრივად ამაღლდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, რაშიც იურიდიული დახმარების სამსახურს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იურიდიული დახმარების სამსახური 10 წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა. სამსახურის ეფექტიანობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ამაღლდა და სასამართლო „გათავისუფლდა იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის დიქტატურისგან", აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კობახიძემ სამსახურის 240-დან თითოეულ თანამშრომელს სამუშაოს კეთილსინდისიერი შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მუშაობის წლებში სამსახური ათასობით ადამიანს დაეხმარა.
საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ შეიქმნა. ის საქართველოს მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს.