დევნილები ფოცხოეწერში – „პენსიონერობა სიკვდილია?!"

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaსოფელი ფოცხოეწერი
სოფელი ფოცხოეწერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
7 წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო დაწესებულებებში შესახლებული დევნილების საცხოვრებელი პრობლემები იმით გადაჭრა, რომ ისინი ქვეყნის სხვადასხვა დასახლებებში გადაანაწილა. ერთ–ერთი ასეთი ადგილი სოფელი ფოცხოეწერი იყო. „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტი თინათინ ბუკია ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილების პრობლემებით დაინტერესდა.

წალენჯიხის რაიონის მაღალმთიანი სოფელი ფოცხოეწერი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარეობს. ზუგდიდიდან იქ მისასვლელად მანქანით დაახლოებით ერთი საათი დაგჭირდებათ.

დასახლებაში რამდენიმე ძველ და განახლებულ-რეაბილიტირებულ კორპუსს შენიშნავთ, სადაც უჩვეულო სიჩუმე დგას. ამ შენობებში 2008 წლამდე სამშვიდობო ძალების რუსი სამხედროები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი სახელმწიფომ სპეციალურად დევნილებისთვის შეაკეთა ბინები და „საცხოვრებელი პირობები“ შექმნა. 

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaაფხაზეთიდან დევნილის საცხოვრებელი სოფელ ფოცხოეწერში
აფხაზეთიდან დევნილის საცხოვრებელი სოფელ ფოცხოეწერში - Sputnik საქართველო
აფხაზეთიდან დევნილის საცხოვრებელი სოფელ ფოცხოეწერში

რამდენიმეწუთიანი სიარულის შემდეგ ქალბატონი შევნიშნე, რომელიც სოხუმელი დევნილი აღმოჩნდა. ანჟელა მიქაძე პენსიონერია და ფოცხოეწერში უკვე 24 წელია ცხოვრობს. აქაურ კლიმატს უჩივის, გვიყვება, რომ აქ ჩასახლებულებს ყველას თავი სტკივდება: „ვგრძნობ, რომ რადიაციაა, სულ მეძინება, ფეხები მიკანკალებს, ცოდვაა ხალხი, გვახრჩობენ, აქ არ არის ხალხის საცხოვრებელი ადგილი. მართალია, პენსიონერი კი ვარ, მაგრამ პენსიონერობა სიკვდილია?!“

საერთო საცხოვრებლებში თავდაპირველად 247 ოჯახი შეასახლეს, დღეს 95-მდე დევნილი და 87 ადგილობრივი მოქალაქე ცხოვრობს. მათ შორის არიან 2010 წლის აგვისტოში თბილისიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობებიდან გამოსახლებული დევნილებიც. 

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaმიტოვებული შენობა სოფელ ფოცხოეწერში
მიტოვებული შენობა სოფელ ფოცხოეწერში - Sputnik საქართველო
მიტოვებული შენობა სოფელ ფოცხოეწერში
 

აფხაზეთიდან დევნილი ზოია ქარდავა მარტოხელაა, საყოფაცხოვრები პირობების არარსებობის გამო ფოცხოეწერში იშვიათად ჩამოდის. ზაფხულობით პატარა მიწის ნაკვეთს გაჭირვებით ამუშავებს. „აქ ზამთარში გაჩერება შეუძლებელია, შიმშილით მოვკვდები. არ მინდა ძმიშვილი შევაწუხო, ის მპატრონობს, მერიდება მისი. მხოლოდ ამ მიზნით ჩამოვდივარ ზაფხულობით ფოცხოეწერში, ბოსტანს ვუვლი და საკუთარ სარჩოზე ვზრუნავ", – ამბობს ზოია ქარდავა.

სერგო ბოკუჩავა ფოცხოეწერში 2010 წლიდან დედასთან ერთად ცხოვრობს. მას სამსახური არ აქვს. სახელმწიფო შემწეობა კი მხოლოდ 45 ლარია… 

როგორც აქაურები გვიყვებიან, სამედიცინო დახმარებისთვის, წამლებისთვის და სხვა საჭიროებებისთვის დაბა ჯვარში ან ზუგდიდში დადიან, რომელიც ფოცხოეწერისგან კილომეტრებითაა დაშორებული.

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaქოხი სოფელ ფოცხოეწერში
ქოხი სოფელ ფოცხოეწერში - Sputnik საქართველო
ქოხი სოფელ ფოცხოეწერში

„აქ არ არის აფთიაქი, სადაც შეიძლება პირველადი სამედიცინო საშუალებები შევიძინოთ, წამლებსა და პროდუქტებს ძირითადად ზუგდიდში ვყიდულობთ. ოთახები სუფთაა — იატაკზე ლამინატია დაგებული, კედლები შეღებილია, ფანჯრები მეტალოპლასტმასისაა და ჯერჯერობით კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ სამყაროსგან მოწყვეტილები ვართ, წყალი არ გვაქვს, ტრანსპორტი იშვიათად ამოდის", —  გვიყვება დაიანა პაპავა, რომელიც 5 წელია აქ დასახლდა.

ფოცხოეწერში ფუნქციონირებს არასრული საშუალო სკოლა, ბაგა-ბაღი და ამბულატორია. დასახლებაში ორი სასურსათო მაღაზიაა, სადაც ფასები, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჩვეულებრივთან შედარებით მაღალია. მოსახლეობა პროდუქტს „ნისიად“ იღებს ვალის მომდევნო თვეში გასტუმრების იმედით.

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaჯიხური სოფელ ფოცხოეწერში
ჯიხური სოფელ ფოცხოეწერში - Sputnik საქართველო
ჯიხური სოფელ ფოცხოეწერში

ეკა პაჭკორია ფოცხოეწერში 1970 წლიდან ცხოვრობს. პატარა ჯიხური აქვს, სადაც პურს, შაქარს და პირველადი მოხმარების სხვა პროდუქტებს ჰყიდის, თუმცა გულისტკივილით ამბობს, რომ ხალხი არ არის: „ათი პური მოვიტანე ზუგდიდიდან, ორი დღე მჭირდება, რომ გავყიდო, ისიც „ნისიად“ მიაქვთ“.

დასახლებაში მცხოვრებთათვის და დევნილებისთვის ზუგდიდისკენ მიმავალი მიკროავტობუსი კვირაში მხოლოდ სამჯერ დადის და მგზავრობის საფასური  5 ლარია. 

აქ მცხოვრები დევნილების მთავარი საზრუნავი სამსახურის ძიება და ფოცხოეწერიდან წასვლაა…

 

თინათინ ბუკია

ყველა ახალი ამბავი
0