თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე შენდება. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში თურქეთის ტერიტორიაზე შენდება სარკინიგზო ხაზი საქართველოში ახალქალაქიდან თურქეთში ყარსის რკინიგზის სადგურამდე.
„ამ დროისთვის უკვე შესრულებულია რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის დაახლოებით 70%, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მათ შორის ბოლო მონაკვეთზე დასასრულებელია ელექტროფიცირება, მოსამზადებელია საბაჟო, სანიტარული სამსახურები", — ციტირებს გახარიას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.
მისი თქმით, სარკინიგზო ხაზის დროულად დასრულებისთვის საჭირო სამუშაოების დასადგენად დაახლოებით, 10 დღე დასჭირდება.
ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობის ფარგლებში საქართველოს მონაკვეთზე 153 კმ სიგრძის მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთი გარემონტდა და 27კმ სიგრძის ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთი (თურქეთის საზღვარი) აშენდა.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, რკინიგზის ამოქმედების შემდეგ შეიქმნება ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას დააკავშირებს.
„პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ამაღლებას და მის მაქსიმალურად გამოყენებას, ამასთან, პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონის სატრანსპორტო-სავაჭრო ჰაბად ჩამოყალიბების კუთხით", — აღნიშნულია განცხადებაში.
ბაქო-თბილისი-ყარსის საერთო სიგრძე 826 კილომეტრი იქნება. დერეფნის მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში, სავარაუდოდ, 17 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. თუმცა საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი ერთ მილიონ მგზავრსა და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს გაუტოლდება.
პროექტ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის იანვარში გაიარა. ამჟამად პროექტის დიდი ნაწილი დასრულებულია, რკინიგზის ამოქმედება უახლოეს პერიოდში იგეგმება.