თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ვაკის პარკში უფასო ვაქცინაციას ჩაატარებენ.
ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 2007 წლიდან ყოველ წელს 28 სექტემბერს აღინიშნება.
ვაკის პარკში ცხოველების ვაქცინაცია 10:00-დან 14:00 საათამდე ჩატარდება, აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე.
ცხოველების უფასო აცრა ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება.
ცოფი ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც, კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, თითქმის ყოველთვის სასიკვდილო შედეგით მთავრდება.
ადამიანების ცოფით დაავადების ყველაზე გავრცელებული საშუალებაა ინფიცირებული ცხოველის — ძაღლის, კატის ან ველური ცხოველების (მელა, ენოტი, ტურა, მგელი) კბენა. ყველაზე ხშირად დაავადება შორეულ სოფლებში 5-დან 14 წლამდე ბავშვებს ემართებათ.
ადამიანების ინფიცირება, ჩვეულებრივ, კბენის ან ნაკაწრის საშუალებით კანიდან ხდება. ვირუსი თავისა და ზურგის ტვინის პროგრესულ, სასიკვდილო ანთებას იწვევს.
ცოფისგან ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 55 ათასი ადამიანი იღუპება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები კიდევ ერთხელ ახსენებენ ადამიანებს, რომ ამჟამად არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები, რომლებიც აუცილებელია ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოველებმა დაკბინეს ან დაკაწრეს. მაგრამ, სამწუხაროდ, განვითარებად ქვეყნებში ეს ვაქცინები საკმაოდ ძვირი ღირს და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.