საქართველოს პრემიერი: ეს იყო ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთში, ძმათამკვლელ ომში გამარჯვებული არავინაა.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზები დაარწმუნა, რომ ქართველებს ძმური ურთიერთობების აღდგენა სურთ და აღარ უნდათ წარსულის შეცდომების გამეორება.

1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, რომელსაც ქართული საჯარისო ნაწილები იცავდნენ. სოხუმი აფხაზური და ჩრდილოკავკასიური შეიარაღებული ფორმირებების ხელში გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი. საქართველოში ამ დღეს აღნიშნავენ, როგორც ხსოვნისა და იმედის დღეს.

"1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღეს 24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან. ეს არის დღე, რომელიც ომის დამანგრეველ და გამანადგურებელ ძალას გვახსენებს. ამ ომში ქართველებმა და აფხაზებმა აუნაზღაურებელი დანაკარგი განვიცადეთ. ეს იყო ძმათამკვლელი ომი", — აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ელდარ ქავშბაია სოხუმში - Sputnik საქართველო
„ჩვენი მონატრება კი აქვთ, მაგრამ ვერაფერს წყვეტენ“ – სოხუმში დაბრუნება 32 წლის შემდეგ

ომის შედეგად ასობით ათასი ადამიანი საკუთარ მიწაზე დევნილად იქცა.

"ეს იყო ომი აფხაზებისა და ქართველების წინააღმდეგ. ეს იყო ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს. ამ ომს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები შეეწირნენ. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას", — ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართველები და აფხაზები ომმა დააშორა ერთმანეთს, მაგრამ ქართველები მზად არიან, ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყონ.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ, აღვადგინოთ ის ძმობა და სიყვარული, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს ყოველთვის აკავშირებდა, აღვადგინოთ ნდობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია წინსვლა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წარსულის შეცდომები აღარ გაიმეოროს.

"მინდა დავარწმუნო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა გასცა ბრძანება ფსოუ-ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ. ე. წ. აფხაზური გვარდიის მეომრებმა ქართველ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგ დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ომში გადაიზარდა.

ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. მისი შედეგია ასობით ათასი დევნილი, ათეულობით ათასი დაღუპული. თბილისმა დაკარგა კონტროლი აფხაზეთზე. შეიარაღებული დაპირისპირების დროს ქართული მხრიდან 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

 

ყველა ახალი ამბავი
0