თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვარზე (დაღესტნის მონაკვეთი) მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მესაზღვრეები, რომლებიც თბილისში მკურნალობენ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აფეთქება საქართველო-რუსეთის საზღვარზე სამშაბათს, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მოხდა. შედეგად, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა — თამაზ ბეროშვილმა, არჩილ რამინაშვილმა და დავით ბერძენიშვილმა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს. ტრაგიკულმა შემთხვევამ უმცროსი ლეიტენანტი ლაშა ჩუბინიძე იმსხვერპლა.
„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. დაზარალებული არიან ჩვენი თანამშრომლები. ერთი გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მათ მკურნალობის სრული კურსი გაიარონ. რაც შეეხება გარდაცვლილს, მის ოჯახს მაქსიმალური ყურადღება და მხარდაჭერა ექნება ჩვენი მხრიდან", — განაცხადა მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაშავებული მესაზღვრეების სამედიცინო მომსახურების ხარჯს სრულად აანაზღაურებს. ისინი მკურნალობას საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადიან. ორის მდგომარეობა მძიმეა.
მღებრიშვილი დაღუპული უმცროსი ლეიტენანტის ოჯახში მივიდა და მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 124-ე მუხლით („ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით"), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.