თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (59) ჩინეთის ქალაქ ჩენდუში გამართული АТР 250-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირის პირველი რაუნდი გადალახა.
1/16 ფინალში ბასილაშვილმა სამ სეტში ანგარიშით 6:3, 2:6, 6:2 მოუგო სერბ ვიქტორ ტროიცკიც (48), რომელიც ტურნირზე მეშვიდე ნომრად არის განთესილი.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი შესანიშნავად ითამაშა და ორჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება, რომელიც ტროიცკის საკმაოდ მძლავრი აქვს.
მეორე სეტი ბასილაშვილმა ანალოგიურად დაიწყო. თავიდანვე გააკეთა ბრეიკი და ანგარიშით 2:0 იგებდა. მაგრამ ამ მომენტში სერბა ძალების მობილიზება შეძლო და მოიგო ზედიზედ ექვსი გეიმი, მათთან ერთად კი მეორე პარტიაც.
ამის შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობა სერბის მხარეს იყო. თუმცა ბასილაშვილმა მეტოქეს უსიამოვნო სიურპრიზი მოუწყო და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ერთ-ერთი თავისი საუკეთესო სეტი შეასრულა. შედეგად — კანონზომიერი მოგება და მომდევნო წრეში გადასვლა.
პირველ რაუნდში მოგებამ ბასილაშვილს 20 სარეიტინგო ქულა და 17 500 ევრო მოუტანა.
მერვედფინალში ბასილაშვილი 19 წლის ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (94) შეხვდება, რომელიც ტურნირის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო რაუნდიდან მოხვდა. აქამდე ჩოგბურთელებს ერთმანეთთან არ უთამაშიათ.
საჩოგბურთო ტურნირი ჩენდუში 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მისი საერთო საპრიზო ფონდი მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი კარენ ხაჩანოვია.