თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ქართველი დიზაინერი გიორგი ქებურია განაგრძობს მოდის სამყაროს დაპყრობას და ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლების გაცნობას — ამჯერად მისი შემოქმედება მსოფლიოში სახელგანთქმულმა მოდელმა კლაუდია შიფერმა შეაფასა.
ქებურია მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში იტალიაში მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს. ფოტო შიფერთან ერთად ქებურიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განათავსა.
ქებურიას კოლექციას მილაში უკვე გაეცნენ ჟურნალ Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური და რედაქტორი ემანუელ ფარნეტი.
გიორგი ქებურიას ორი ქართული ბრენდი პრესტიჟული პრემიის Swarovski and Vogue Talents New Generation Award მონაწილეთა სიაში მოხვდა. პრემიის გადაცემის ცერემონია მილანში გაიმართება. პრემიის გამარჯვებულსა და მფლობელს გამოავლენენ ისეთი გავლენიანი პერსონები, როგორიც არიან ნადია სვაროვსკი, ემანუელ ფარნეტი და სხვა, მოდის სამყაროს საკვანძო ფიგურები.
გიორგი ქებურია თვითნასწავლი დიზაინერია. ის 1990 წელს თბილიკსში დაიბადა. პირველი მხიარული და სიურეალისტური კოლექცია 2010 წელს შექმნა. ის თბილისის მოდის კვირეულზე შენიშნეს და გადასცეს ჯილდო „საუკეთესო ახალბედა". ცოტა ხნის წინ ქებურიას სამოსით პოპ-დივა ლედი გაგა წარდგა.