მორწმუნეებმა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს თაყვანი სცეს

გამოწერა

სამების საკათედრო ტაძარს ასობით მორწმუნე ეწვია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოსალოცად. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ცერემონია.

ქეთევან დედოფლის ნაწილები, რომლებიც სამების ტაძარში ასვენია, ინდოეთიდან გასულ შაბათ-კვირას ექვსი თვით გადმოასვენეს საქართველოში. ორშაბათს წმინდა ქეთევანის ნაწილებს ალავერდის ტაძარში გადააბრძანებენ, შემდეგ კი საქართველოს სხვა ტაძრებში, რათა მორწმუნეებმა იქაც შეძლონ თაყვანისცემა.

ისტორიული წყაროების თანახმად, დედოფალი 1614 წელს სპარსეთის მმართველმა შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა. ათწლიანი ტყვეობის მანძილზე ქეთევანს აიძულებდნენ სარწმუნოების შეცვლას, მაგრამ მან უარი თქვა. ამის გამო ის წამებით მოკლეს. პორტუგალიელმა მისიონერებმა, რომლებიც დედოფლის მკვლელობას შეესწრნენ, საიდუმლოდ ამოთხარეს მისი ცხედარი და ისპაჰანში გადაასვენეს. მოგვიანებით მისიონრებმა ნეშტის ნაწილები საქართველომდეც ჩამოაბრძანეს — 1723 წლამდე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძარში ესვენა, თუმცა მოგვიანებით დაიკარგა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ასვენია გოას წმინდა ავგუსტინის მონასტერში, ვატიკანსა და ბელგიაში. XIX საუკუნის დასაწყისში გოას მონასტერი განადგურდა. ამის შემდეგ ქეთევან დედოფლის ნაწილების საპოვნელად სამეცნიერო ექსპედიციებს სხვადასხვა დროს ატარებდნენ ინდოეთში. დედოფლის ნეშტი ინდოეთში 2013 წელს იპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0